საპარლამენტო დელეგაცია ლონდონში ბრიტანელ კანონმდებლებს შეხვდა
ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოგლისთან და თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ ქორთსთან.
შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, თავდაცვისუნარიანობისა უსაფრთხოების განმტკიცებისთვის გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო პრიორიტეტები.
ქართულმა დელეგაციამ მასპინძელ მხარეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მოაწოდა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საჭიროებას. კომიტეტის წევრებმა ხაზი გაუსვეს დეოკუპაციის, უსაფრთხოების განმტკიცების და ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით გაერთიანებული სამეფოს როლს და მისი შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას.
შეხვედრაში პარლამენტის წევრები ირაკლი ჩიქოვანი, ალექსანდრე ტაბატაძე, ხატია წილოსანი და ბრიტანეთში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა მონაწილეობდნენ.