ერდოღანის განცხადებით თურქეთი არ შეეგუება ისრაელის პოლიტიკას, რომელიც მოიცავს მუდმივ ოკუპაციას
თურქეთი არ შეეგუება ისრაელის სახელმწიფოს პოლიტიკას, რომელიც მოიცავს მუდმივ ოკუპაციას, მიწების მიტაცებას და ჩაგრულთა ხოცვა-ჟლეტას, რომ ღაზა დაუსახლებელი გახდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა.
ერდოღანის განცხადებით, ისრაელი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უნდა გადაეცეს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ტრიბუნალს, რომელიც მდებარეობს ჰააგაში.
„თავდასხმებმა, რომლის დროსაც 13 000-ზე მეტი ჩვენი პალესტინელი ძმა დაიღუპა, კიდევ ერთხელ გამოავლინა ისრაელისა და მისი მხარდამჭერების ნამდვილი სახე, განზრახვა და მიზანი. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის მმართველების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სანქციების გარეშე არ დარჩეს. ყველა კეთილსინდისიერ ქვეყანას, ისლამურ სამყაროსთან ერთად, ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ ისრაელმა აღარ სცადოს მსგავსი სისასტიკეები. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვიცოდეთ. ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. ამის თქმაზე ყოყმანი არ არის საჭირო. ეს არის სიმართლე, ჩვენ ვიცით. ეს ასეა. ნეთანიაჰუ წასულია. ისრაელის ხალხიც კი აღარ უჭერს მხარს ნეთანიაჰუს. თურქეთი არ დაუშვებს ბირთვული იარაღისა და ატომური ბომბების საკითხის დავიწყებას. ისრაელო, თქვი გაქვს თუ არა ატომური ბომბი. მას არ შეუძლია თქმა, მაგრამ ნახეთ, ჩვენ ვამბობთ ამას. ისრაელო, შენ გაქვს ატომური ბომბი. ჩვენ წარვადგენთ ინიციატივებს როგორც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს, ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წინაშე ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის, მათ შორის თურქეთის უსაფრთხოებას“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.