„ჰამასის“ მაღალჩინოსნის განცხადებით, 4-დღიანი ზავი ხვალ ამოქმედდება
„ჰამასის“ მაღალჩინოსნის, მუსა აბუ მარზუკის განცხადებით, ისრაელთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში 4-დღიანი ზავი ხვალ, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ Al Jazeera იტყობინება.
აბუ მარზუკის თქმით, იმ 50 მძევალს შორის, რომლებიც შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდებიან, უმრავლესობას უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ. არიან თუ არა მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, უცნობია. მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ 50-ვე მძევალი ისრაელის მოქალაქე ან ბინადრობის მქონე პირი იქნება.
ისრაელი 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, 4-დღიან ზავს დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ 50 ისრაელელს, მხოლოდ სამოქალაქო პირებს - ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის 4 დღით შეწყვეტას დათანხმდა, პარალელურად კი, ციხიდან 150 -მდე პალესტინელ პატიმარს, ძირითადად ქალებსა და მოზარდებს გაათავისუფლებს.