ლიეტუველმა მესაზღვრეებმა ჩამოაგდეს მეტეოროლოგიური საჰაერო ბურთი, რომელსაც ბელარუსული კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდა
სამშაბათს, 21 ნოემბერს ლიეტუვას სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების სამსახურის (VSAT) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესაზღვრეებმა ბელარუსიდან გაშვებული მეტეოროლოგიური ბურთი დააფიქსირეს, რომლის მეშვეობითაც, კონტრაბანდისტებს 750 კოლოფი სიგარეტი გადაჰქონდათ.
კვირას, 20 ნოემბერს, სამმეტრიანი ლატექსის ბურთი ლიეტუველმა მესაზღვრეებმა ბელარუსის საზღვრის მახლობლად, სოფელ კატრასთან შენიშნეს. მასზე მიმაგრებული იყო პოლიეთილენში გახვეული 750 კოლოფი სიგარეტი NZ Gold (ბელარუსული აქციზური მარკებით).
საჰაერო ბურთი ასევე აღჭურვილი იყო GPS-გადამცემით, რათა ლიეტუველ თანამზრახველებს კონტრაბანდული ტვირთის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა არ გასჭირვებოდათ.
ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სპეციალისტების მტკიცებით, ლიეტუველი მესაზღვრეების მიერ აღმოჩენილი აეროსტატი ძალიან ჰგავს ჰელიუმით ან წყალბადით გაბერილ მეტეოროლოგიურ ბურთებს, რომელსაც თავადაც იყენებენ.
VSAT-ის წარმომადგენლის თქმით, საჰაერო ბურთების გამოყენებით კონტრაბანდული საქონლის გადაზიდვა ისეთი პოპულარული არ არის, როგორც, მაგალითად, დრონებით და სპეციალურ ცოდნას, ასევე ხელსაყრელ ამინდს საჭიროებს. მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს ლიეტუვაში საჰაერო ბურთებით კონტრაბანდის მხოლოდ ორი მცდელობა დაფიქსირდა.
წყარო: 1tv.ge