თეგებით ძიება

ინფორმაცია, თითქოს, მუნიციპალური თავშესაფრიდან მოხუცი ქალბატონი და მისი შშმ შვილი ქუჩაში გაუშვეს, არის სრული სიცრუე - თბილისის მერია

თბილისის მერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ მუნიციპალური თავშესაფრიდან მოხუცი ქალბატონი და მისი შშმ შვილი ქუჩაში გაუშვა.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერიამ არაერთხელ შესთავაზა მოქალაქეებს – მ.კ.-ს და მის შვილს დ.ჩ.-ს „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ კონტრაქტორ „წმ. მამა გაბრიელის სახელობის ჰოსპისში“ გადაყვანა, რაზეც უარი მიიღო.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ მოქალაქე აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვას სოციალურ ქსელში, სადაც თბილისის მერია დადანაშაულებულია, რომ თითქოს, მუნიციპალური თავშესაფრიდან მოხუცი ქალბატონი და მისი შშმ შვილი ქუჩაში გაუშვეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას.

თბილისის მერიამ არაერთხელ შესთავაზა მოქალაქეებს – მ.კ.-ს და მის შვილს დ.ჩ.-ს „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ კონტრაქტორ „წმ. მამა გაბრიელის სახელობის ჰოსპისში“ გადაყვანა, რაზეც სამწუხაროდ, მიიღო უარი.

გაცნობებთ, რომ მ.კ. და მისი შვილი დ.ჩ. ლილოში მდებარე „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში“ გახსნის დღიდან ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დ.ჩ. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ეტლით მოსარგებლე პირია, თავშესაფრის ხელმძღვანელობამ დაუშვა გამონაკლისი და დედასთან ერთად თავშესაფრის ბენეფიციარად დაარეგისტრირა, რადგან მ.კ. უზრუნველყოფდა მის მოვლას. აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის შინაგანაწესის გათვალისწინებით, ბენეფიციარს უნდა შეეძლოს თავის მოვლა, ჰიგიენური ნორმებისა და ოთახში სისუფთავის დაცვა.

მას შემდეგ, რაც მ.კ.-ს თავად შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, თბილისის მერიამ უზრუნველყო სტაციონარში მისი არაერთხელ გადაყვანა. ბენეფიციარი მდგომარეობის გართულებამდე უარს აცხადებდა ჰოსპიტალიზაციაზე და ექიმის დანიშნულებას არასათანადოდ ასრულებდა. აღნიშნულმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია და სხვა ბენეფიციართა დახმარების გარეშე აღარ შეეძლო თავის მოვლა. მისი ასეთი მდგომარეობა ბენეფიციართა უკმაყოფილებას იწვევდა, რასაც ისინი თავშესაფრის სოციალურ მუშაკებთან საუბარში აფიქსირებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, მ.კ.-ს გაუჭირდა გადაადგილება და შვილის მსგავსად თავადაც ეტლით მოსარგებლე გახდა. აღნიშნულის შედეგად, მომვლელის გარეშე დარჩა მისი შვილი, შშმ პირი დ.ჩ.

თავშესაფრის შინაგანაწესის გათვალისწინებით, ბენეფიციარებს თავშესაფარი უნდა დაეტოვებინათ.

„თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ ხელმძღვანელობამ მ.კ.-ს და დ.ჩ.-ს „წმ. მამა გაბრიელის სახელობის ჰოსპისში“ გადაყვანა შესთავაზა, რაზეც დედა-შვილმა კატეგორიული უარი განაცხადა. მ.კ.-მ შვილთან ერთად, თავად დატოვა თავშესაფარი.

აღნიშნული შეთავაზება მათ, ასევე, აქვთ ჩუღურეთის რაიონის გამგეობისგან, თუმცა, უარი განაცხადეს, როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით.

რასაკვირველია, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება სოციალური ქსელის მეშვეობით გააზიაროს ინფორმაცია, თუმცა, ამასთანავე აქვს პასუხისმგებლობა, არ დაუშვას სიცრუის ტირაჟირება და გადაამოწმოს ინფორმაცია შესაბამის უწყებაში“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა