ლურჯი ვეშაპები სეიშელის კუნძულებზე დაბრუნდნენ
მსოფლიოს ყველაზე დიდი ცხოველები - ლურჯი ვეშაპები ინდოეთის ოკეანის იმ ნაწილში ბრუნდებიან, სადაც მათი პოპულაცია ნადირობის შედეგად სრულად განადგურდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია სეიშელების კუნძულებზე, სადაც სპეციალისტებმა წყალქვეშა აუდიომონიტორინგის დახმარებით დაადგინეს, რომ ვეშაპები რეგიონში თვეების განმავლობაში რჩებიან. მათი ვარაუდით, ცხოველები ამ ადგილს გასამრავლებლად იყენებენ.
მისიაში ჩართული მეცნიერები ამბობენ, რომ ეს კონსერვაციონისტების გამარჯვებაა, რადგან 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირის ვეშაპებზე მონადირე ფლოტმა სეიშელებზე ამ ცხოველების პოპულაცია სრულად გაანადგურა.
ამის მიუხედავად, ლურჯი ვეშაპები გადაშენების ზღვარზე მყოფ ცხოველებად ითვლებიან. მათი რაოდენობა დედამიწაზე კატასტროფულად მცირეა.