„ვარდების რევოლუციიდან“ 20 წელი გავიდა
23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის 20 წლისთავია. რევოლუციის შედეგად, გადადგა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და ქვეყნის მართვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაიბარა.
მოვლენების ქრონოლოგია:
2003 წლის 2 ნოემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა მაშინდელი მმართველი პარტია, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი.
ამას, ხალხის უკმაყოფილება მოჰყვა - ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.
პირველი დემონსტრაცია 4 ნოემბერს გაიმართა და მალევე, მთელი ქვეყანა მასშტაბურმა გამოსვლებმა მოიცვა.
პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც 7%-იანი ბარიერი გადალახეს, უარს ამბობდნენ პარლამენტში შესვლაზე და დემონსტრაციებს უერთდებოდნენ ხელისუფლების მიერ, ოპოზიციის გამარჯვების აღიარების მოთხოვნით.
13 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აპირებდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლას და ერთადერთ მოთხოვნად საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა იქცა.
21 ნოემბერს, საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრეს.
იმ დროისთვის, პარლამენტის წინ ხელისუფლების მომხრეთა აქცია იმართებოდა.
ოპოზიცია კი „ხავერდოვანი რეოვულიციის“ დაწყებას აცხადებდა.
22 ნოემბერს, პარლამენტის პირველ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტის დარბაზში შეიჭრა და ედუარდ შევარდნაძეს გადადგომისკენ მოუწოდა.
შევარდნაძემ და დარბაზში მყოფმა დეპუტატებმა იქაურობა დატოვეს. ასევე დაიშალა ხელისუფლბის მომხრეთა მიტინგი.
23 ნოემბერს, შევარდნაძისა და ოპოზიციის ლიდერების, მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ჟვანიას შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა.