როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს ზამთარში?
მცენარეების მოყვარულებმა იციან, რომ სინათლის დეფიციტის, სუფთა ჰაერის უკმარისობის, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისა და სხვა მიზეზების გამო ზამთარში ოთახის მცენარეებს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ. ჩვენი რჩევები ზამთარში ოთახის მცენარეების მოვლაში დაგეხმარებათ:
სწორი ადგილის შერჩევა - თუ გვინდა, რომ ჩვენი მცენარეები ზამთარშიც იეალურად გამოიყურებოდნენ, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ სად მივუჩენთ მას ადგილს მთელი ზამთრის განმავლობაში. სპეციალისტების რჩევით, ოთახი, სადაც მცენარეების განთავსებას ვაპირებთ, აუცილებლად ნათელი უნდა იყოს, რათა მცენარეებისთვის დღის სინათლე და მზის სხივები სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია, თუმცა, ეცადეთ, მცენარე ისე განათავსოთ, რომ პირდაპირი მზის სხივები აარიდოთ მას. აუცილებელია ასევე კარგი ვენტილაცია, რათა ოთახის ხშირად განიავება შევძლოთ. გახსოვდეთ, სწორად შერჩეული ადგილის წყალობით, მცენარე მთლიანი ზამთრის განმავლობაში შეინარჩუნებს ტენიანობას, სიხასხასეს და რაც მთავარია, მისი ზრდა ისევე გაგრძელდება, როგორც ზაფხულის პირობებში.
მორწყვა - გადამეტებული მზრუნველობა ისევე ვნებს მცენარეებს, როგორც ადამიანებს ან ცხოველებს შეიძლება, ავნოს. საქმე ის არის, რომ ხშირად ადამიანებმა არ ვიცით, როგორ მოვუაროთ ოთახის ყვავილებს სწორად ისე, რომ ზედმეტი მზრუნველობით არ დავაზიანოთ. რაში შეიძლება, გამოიხატოს ზედმეტი მზრუნველობა? ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა არასწორი მორწყვა - მცენარეები შესაძლოა წყლის ნაკლებობამ ან მისმა სიჭარბემ მთლიანად გაანადგუროს. სპეციალისტების რეკომენდაციით, ზედმეტი მორწყვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და თითოეულ ყვავილსა თუ მცენარეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ისინი გვირჩევენ, რომ განლაგების დროს მცენარეები დავაჯგუფოთ იმის მიხედვით, თუ როგორ/რა ინტენსივობითა და რა რაოდენობის წყლით საჭიროებენ ისინი მორწყვას. ეს საქმეს ძალიან გაგვიმარტივებს და ჩვენს საყვარელ მცენარეებსაც ნაკლებ პრობლემას შევუქმნით.
სწორად შერჩეული ქოთანი - მოგეხსენათ, ოთახის მცენარე ქოთნის გარეშე წარმოუდგენელია და შესაბამისად, სწორად შერჩეული ქოთანი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ქოთანი? მთავარი,რაც უნდა გავითვალისწინოთ, ის არის, რომ იგი არ უნდა იყოს არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა. ბევრი მცენარის მოყვარული მცენარეს პლასტიკურ ქოთანში ტოვებს, რომელსაც ლამაზ ქოთანში ათავსებს, ასე მცენარის გადარგვა უფრო ადვილია. ასევე არსებობს ჭკვიანი ქოთნები, რომლებიც თავად არეგულირებენ მორწყვის პროცესს, ასე თავიდან აირიდებთ ზედმეტად მორწყვას ან პირიქით.
სისუფთავე - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის სისუფთავეს. მაქსიმალურად ეცადეთ, მცენარეები რაც შეიძლება სუფთად გქონდეთ, მტვერი ფოთლებზე მნიშვნელოვნად აფერხებს ფოტოსინთეზის პროცესს. ზოგადად მცენარეებს ამ პრობლემას წვიმის წყალი უგვარებს, სახლის პირობებში კი გირჩევთ ფოთლები სველი სუფთა ჩვრით გაწმინდოთ ხოლმე, ეს პროცედურა უნდა ჩაატაროთ დაახლოებით თვეში ერთხელ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ, რომ თქვენს მცენარეს ჰქონდეს ხასხასა, პრიალა და ჯანმრთელი ფოთლები.