დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავს
„თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები შედის. პარლამენტს წარედგინა პროექტი, რომლის დაჩქარებული წესით განხილვაც იგეგმება. პროექტი ძირითადად სამხედრო სავალდებულო სამსახურს და მის გადავადებას ეხება.
ამ საკითხს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს განიხილავს. ცვლილებების თანახმად, გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით.
რაც შეეხება გასაჩივრების საკითხს, „თავდაცვის კოდექსით“ პირს უფლება აქვს, გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე „თავდაცვის კოდექსის“ საფუძველზე მიღებული სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს.
პარლამენტისთვის წარდგენილი ცვლილებების პროექტით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.