უნდა შევეგუოთ, რომ ხელისუფლება არ მიიღებს მონაწილეობას ქართველი ჯარისკაცების ტყვეობიდან დახსნაში - დავით ქაცარავა
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომს აქართველოს ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების რუსების ტყვეობიდან გამოსახსნელად არაფერს გააკეთებს და ახლა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ზეწოლა გაიზარდოს, რათა რეაგირება მოხდეს.
"ვფიქრობ, საზოგადოების ზეწოლა უნდა გაიზარდოს ჩვენს ხელისუფლებაზე, რადგან რეაგირება მათ ტყვეობაზე არის მხოლოდ და მხოლოდ დუმილი. ასე რომ, ვფიქრობ, ხელისუფლება არც შეცვლის თავის პოზიციას და არც რამე მოქმედებას განახორციელებს იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი მეომრების ტყვეობიდან დახსნა. ამ აზრს უნდა შევეგუოთ, რომ ხელისუფლება არ მიიღებს მონაწილეობას მათი ტყვეობიდან დახსნაში", - ამბობს დავით ქაცარავა.
რუსული ტერორის ქვეშ მყოფი ქართველი ტყვეები. პუტინის მედია გიორგი შუბითიძისა და გიორგი გოგლიძის დაკავების კადრებს ავრცელებს. გაკოჭილ მებრძოლებს სასტიკად ეპყრობიან, მიუხედავად იმისა, რომ ტყვეები არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ. რუსული "ენ ტე ვე" კი ერთ-ერთი მებრძოლის მორიგ ჩვენებას აქვეყნებს, სადაც გიორგი შუბითიძე ყვება, რომ ის მაიდანის მოვლენებში სააკაშვილის თანაგუნდელებმა ჩართეს და უკრაინელების მკვლელობა დაავალეს.
ეს ვიდეო უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ქართველი ტყვეები უმძიმესი ტერორის ქვეშ იმყოფებიან და მათ აიძულებენ წინასწარ დაწერილი ტექსტები იკითხონ. დანამდვილებით იციან, რომ შუბითიძეს კიევის მაიდანთან შეხება არ ქონია. ამ ფონზე კი დღემდე უცნობია რას აკეთებს ქართული სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. დღემდე საგარეო უწყება ერთი, ისიც არაოფიციალური განცხადებით შემოიფარგლა.