ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ბაქოში შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა ბაქოში, „განჯელიკის“ სამთავრობო რეზიდენციაში, გაიმართა. მთავრობის მეთაური ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირადი მიწვევით SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმს, საპატიო სტუმრის სტატუსით, ესწრება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებზე და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. განიხილეს ქვეყანათა სტრატეგიული თანამშრომლობის - ვაჭრობა-ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა − საკითხები, ამავდროულად საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მნიშვნელოვანი პროექტები: შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების, გზების გაფართოებას, მშენებლობა-განვითარებას; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც მთავრობის მეთაურის თქმით, უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალს. აღინიშნა, რომ სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკულ რესურსთა ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად მასშტაბური პროექტის − შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის − განვითარების საკითხსა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან ძალიან მალე გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას.