ვერ გააუქმებთ „ბიბლიურ თავისუფლებას“ იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მართლები, არასწორ მხარეს ხართ და ღმერთი არ არის თქვენკენ - იაგო ხვიჩია უმრავლესობას
საკუთარი უსუსურობა რომ დაგანახოთ, წარმოიდგინეთ, წელიწადზე მეტია ამ კანონთან დაკავშირებით აქ დგახართ, თავს სამარცხვინოდ იხდით, დაგცინიან და იტანთ, ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ ვერ გააუქმებთ „ბიბლიურ თავისუფლებას“ იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მართლები, ამ შემთხვევაში, თქვენ ხართ არასწორ მხარეს და ღმერთი არ არის თქვენკენ - ასე მიმართა „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავენ.
დეპუტატმა თავდაპირველად კითხვები დასვა ჯარში გაწევასა და სასამართლოში გაწვევის გასაჩივრებასთან დაკავშირებით.
„არის საკითხები, რომელზეც კანონით განსაზღვრება, რომ მისი შეჩერება არ შეიძლება, მაგალითად, ეროვნული ბანკის საკითხები და ა.შ. თქვენ, მეორე ასეთ საკითხად დაასახელეთ, აი, ეს ამბავი - ვიღაცას რომ ჯარში წაყვანის განაჩენს გამოუტანენ, სასამართლოში რომ გაასაჩივრებს ეს მას არ აჩერებს აპრიორი, კანონის ძალით. ამავდროულად, განმარტებით ბარათშიც გიწერიათ და ისედაც საუბრობთ იმას, რომ სასამართლოს გარკვეულ დროს შეეძლება ეს გადაწყვეტილება შეაჩეროს. ახლა, მე მაინტერესებს, გარკვეულ დროს შეეძლება რომ შეაჩეროს და რა შემთხვევებია ეს? თუ არ შეუძლია შეაჩეროს, როგორც ამ კანონში გიწერიათ? თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ როგორც ეროვნული ბანკის შემთხვევაში აქაც არ უნდა შეჩერდეს, მაშინ ნუ ამბობთ და ნუ წერთ განმარტებით ბარათში იმას, რომ რაღაც გარკვეულ მომენტებში შეჩერდებაო. ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ თუ იმას ამბობთ, რომ ეს არასდროს უნდა შეჩერდესო, მაშინ, მგონი, უნდა ახსნათ, კონკრეტულად რა არის ეს ასეთი, რომელიც თურმე არასდროს უნდა შეჩერდეს და როდის ხდება ის შემთხვევა, როდესაც სასამართლო შეაჩერებს [გაწვევას]? მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენი ახლობელი იქნება ვინმე?“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა "თავდაცვის კოდექსში“ არსებულ რელიგიურ ნაწილზე ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით.
„მეორე, რელიგიური ნაწილი, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ თემაში. ზაფხულში იყო ეს კანონპროექტი წარდგენილი, კანონპროექტში ხომ გეწერათ ის, რომ „გირჩის“ წინააღმდეგ იყო მიმართული. რაც ამ პაკეტში შეცვალეთ არის ის, რომ განმარტებითი ბარათიდან ამოიღეთ, „გირჩის“ წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი იქ დატოვეთ, რაც ეხება იმას, რომ სახელმწიფო განსაზღვრავს სინამდვილეში, ვინ არის მორწმუნე. სინამდვილეში ხომ იმას ვსაუბრობთ, რომ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კომისრებს მიაწვდის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, „ეს ადამიანი ნამდვილი მორწმუნეა და ეს ადამიანი ნამდვილი მორწმუნე არ არის“. სხვა შემთხვევაში, რა შუაშია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი? რატომ შემოგვყავს თავდაცვის საკითხების ორგანიზებაში ახალი უწყება, რომელსაც ამ საქმეში აქამდე არაფერი ესაქმებოდა?! ახლა, ალტერნატიულ სამსახურზე გადაწყვიტეთ, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, წმინდა სინოდმა კი არ გადაწყვიტოს, რა არის რელიგია და ვინ არის მორწმუნე, არამედ ბატონმა გრიგოლ გიორგაძემ გადაწყვიტოს, ვინ არის მორწმუნე, თქვენმა კომისრებმა გადაწყვიტონ, ვინ არის მორწმუნე, ვინ, რომელ რელიგიას განეკუთვნება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინოს, ვინ მოხვდება სამოთხეში, ვინ ჯოჯოხეთში, ვის სალხინებელში გაუშვებენ და ა.შ. როდესაც სახელმწიფო ადგენს, ვინ არის და ვინ არ არის მორწმუნე, შედის მღვდლებისთვის და სასულიერო პირებისთვის განკუთვნილ სივრცეში, ამაზე არსებობს ევროსასამართლოს უამრავი პრეცედენტი, რომ ეს სახელმწიფოს საქმე არ არის, მაგრამ თქვენ ყველაფერს არღვევთ, ყველაფერს არღვევთ, სასამართლოს გადაუარეთ, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრავთ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეჩერდება, თუ არ შეჩერდება. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ადამიანს, რა დონეზე სწამს და ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებთ, რაც ამ ზაფხულში განმარტებით ბარათში გეწერათ. ახლა ეს უბრალოდ ამოიღეთ და დანარჩენი ყველაფერი შემოიტანეთ და რეალური მიზეზი არის ის, რომ „გირჩის ბიბლიურ თავისუფლებას“ ებრძოლოთ. საკუთარი უსუსურობა რომ დაგანახოთ, წარმოიდგინეთ, წელიწადზე მეტია ამ კანონთან დაკავშირებით აქ დგახართ, თავს სამარცხვინოდ იხდით, დაგცინიან და იტანთ, ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ ვერ გააუქმებთ „ბიბლიურ თავისუფლებას“ იმიტომ,რომ თქვენ არ ხართ მართლები, ამ შემთხვევაში, თქვენ ხართ არასწორ მხარეს და ღმერთი არ არის თქვენკენ, თორემ სხვანაირად როგორ შეიძლება, ფაქტობრივად, თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე უმრავლესობა თქვენ გვერდზე იყოს, პრემიერ-მინისტრი თქვენ გვერდზე იყოს, ეკლესია თქვენ გვერდზე იყოს და წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უბრალოდ სულელივით გიწევდეთ ერთ ადგილზე დგომა და ვერაფერს ასაბუთებდეთ, ვერც „გირჩის“ გაუქმების კანონს იღებდეთ და კიდევ დიდ ხანს მოგიწევთ იქ დგომა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დეპუტატს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა.
„ბატონო იაგო, ჩავთვალოთ, რომ იძულებული ვარ ამას უკანასკნელი გაფრთხილება დავარქვათ, სიტყვები,რომელიც თავის არსით უცენზუროა მას, თუ ხელმეორედ გამოიყენებთ აუცილებლად მომიწევს დარბაზი დაგატოვებინოთ“, - განაცხადა სარჯველაძემ და მიუთითა, რომ „შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონდეს“.
ცნობისთვის, ახლადდამტკიცებულ, „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად სამხედრო სავალდებულო სამსახურს და მის გადავადებას ეხება.
ახალი „თავდაცვის კოდექსით“ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ყველა სტუდენტი გადავადებით სარგებლობს. შეთავაზებული ცვლილებების პროექტის თანახმად, ეს არ შეეხება სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს; ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც განათლებას საქართველოდან დისტანციურად იღებს. აქედან გამომდინარე, გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“