რომელ ქვეყნებთან აწესებს ჩინეთი უვიზო რეჟიმს ?
ჩინეთი ექვს ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს აწესებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უვიზო რეჟიმი ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და მალაიზიის მოქალაქეებისთვის.
უვიზო რეჟიმით სარგებლობას ამ ქვეყნის მოქალაქეები დეკემბრიდან 2024 წლის ნოემბრამდე შეძლებენ. პირობების თანახმად, ისინი საქმიანი ან სამოგზაურო ვიზიტებით ჩინეთში ჩასვლას 15 დღის ვადით შეძლებენ.
როგორც საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, მოგზაურობის ახალი წესები ხელს შეუწყობს ჩინეთის განვითარებას და ღიაობას.
ამჟამად მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას ჩინეთთან სავიზო რეჟიმი აქვს, იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენენ სინგაპური და ბრუნეი, რომელთა მოქალაქეებს ჩინეთში 15-დღიანი ვიზიტების განხორციელება ბიზნესის, ტურიზმის, ოჯახის წევრების მონახულების მიზნით უვიზოდ შეუძლიათ.
2020 წლის მარტში, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ჩინეთმა მოგზაურობის წესები გაამკაცრა. ვიზების გაცემა ქვეყანამ მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.