21 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს გირაო შეუფარდეს
რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს, რომელიც 21 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე არის ბრალდებული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 12 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ განაცხადა, ბრალდებული მედიკოსის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან პაციენტის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა.
ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს კოვიდი დამარცხებული ჰქონდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით დაზარალებული, 2021 წლის 11 აგვისტოს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა. პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.