შვეიცარიის სასამართლო - გაუპატიურების მოკლე ხანგრძლივობამ შეიძლება სასჯელის შემცირება გამოიწვიოს
ფედერალური სასამართლოს აზრით, გაუპატიურების შედარებით მოკლე ხანგრძლივობამ - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 11 წუთმა - შესაძლოა, გარკვეული როლი შეასრულოს დამნაშავისთვის სასჯელის ზომის განსაზღვრაში.
2021 წელს ბაზელის სააპელაციო სასამართლომ მოძალადეს სასჯელი იმ მოტივით შეუმცირა, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული მხოლოდ თერთმეტ წუთს გაგრძელდა. გარდა ამისა, დაზარალებული, მოძალადის მიერ დანაშაულის ჩადენამდე, არასწორ სიგნალებს აგზავნიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ბაზელის სასამართლო შენობის წინ 500-მდე ადამიანი შეიკრიბა, მათ 11 წუთის განმავლობაში მორჩილად ჰქონდათ ხელები მაღლა აწეული - სწორედ ამდენ ხანს გაგრძელდა მსხვერპლის გაუპატიურება.
საქმე ეხება ქალს, რომელმაც 2020 წლის თებერვალში ნებაყოფლობით დაამყარა სექსუალური ურთიერთობა მამაკაცთან ერთ-ერთი ბარის ტუალეტში. მოგვიანებით, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა, საკუთარ სადარბაზოში ის ორმა მამაკაცმა გააუპატიურა. დამნაშავეები 17 და 33 წლისანი იყვნენ.
ოთხშაბათს, 22 ნოემბერს გამოქვეყნებულ ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასჯელის გამოტანისას გათვალისწინებულია გაუპატიურების შედარებით მოკლე ხანგრძლივობა. ამ განმარტებამ საზოგადოების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. „ეს საქმე განსაკუთრებით სერიოზულია და არ ვფიქრობ, რომ გაუპატიურების ხანგრძლივობამ რაიმე როლი უნდა შეასრულოს“, - განუცხადა შვეიცარიის საზოგადოებრივ ტელევიზიას (SRF) პარლამენტარმა და ადვოკატმა, ბარბარა შტაინემანმა.
ფედერალური სასამართლო მიიჩნევს, რომ დამნაშავე, სხვა მიზეზების გამო, ბაზელის სასამართლოს განაჩენთან შედარებით უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებდა - ის ფაქტი, რომ დაზარალებულს ადრე ნებაყოფლობით ჰქონდა სქესობრივი კავშირი სხვა მამაკაცთან, მოძალადისთვის სასჯელის გამოტანის დროს არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.
„მთლიანად ვეთანხმები ფედერალური სასამართლოს მოსაზრებას, რომ არცთუ სანიმუშო ცხოვრების წესი შემარბილებელი მიზნებისთვის არ უნდა იყოს გათვალისწინებული“, - ამბობს შტაინემანი. მისივე აზრით, ასეთ დროს სხვერპლის ქცევა არანაირ როლს არ უნდა თამაშობდეს... ასეა თუ ისე, საქმე უბრუნდება ქვედა სასამართლოს, რომელმაც უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოიტანოს.
რა ელის არასრულწლოვან დამნაშავეს, ჯერ გაურკვეველია: ბაზელის არასრულწლოვანთა სასამართლომ ის გაამართლა, რადგან მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების შეტანაში ეჭვი შეიტანა. ეს განაჩენი გასაჩივრდა და საქმის განხილვა ამჟამად ბაზელის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. ვინაიდან ფედერალურმა სასამართლომ ამ არასრულწლოვნის თანამონაწილის მიმართ უკვე მიიღო გადაწყვეტილება (როგორც აღვნიშნეთ, საქმე ქვედა ინსტანციაში დაბრუნდა), საააპელაციო სასამართლო თავის ვერდიქტს, სავარაუდოდ, მალე გამოაცხადებს.
წყარო: 1tv.ge