"თუ ფსიქიკურია, ვითხოვ ცნობას, მეორე, თუ ვერ აზროვნებს და ავად არის როგორ ხვდება ადვოკატის ალოგიკურობას, ეს ყველაფერი შოუა" - კოსტა სანიკიძე მისი დაჭრის დეტალებს იხსენებს
"კურიერი P.S“.-მა მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს დანას საკუთარი სახლის ეზოში მსახიობ კოსტა სანიკიძეს მისთვის უცნობი 24 წლის გიორგი გველესიანი.
ჩანაწერის მიხედვით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლამდე მეზობელი სამართალდამცველი ჩნდება, რომელიც თავდამსხმელს გაქცევის უფლებას არ აძლევს. ამ დროს კოსტა სანიკიძე სისხლის გუბეში წევს. ადგილზე გამოძახებული პოლიცია მიდის. ბრალდებული განყოფილებაში, დაჭრილი კი, კლინიკაში გადაჰყავთ.
„ფილტვი რომ გამიგლიჯა, სისხლი ასხამდა, გუბეები იდგა. ამით (თითით) მეჭირა, იმიტომ, ხელი რომ გამეშვა, დედასაც ამიჩეხავდა და ძმასაც. მადლობა ექიმებს კომაში ვიყავი, ურთულესი ოპერაცია ჩამიტარდა,” – ამბობს კოსტა სანიკიძე “კურიერი P.S.-თან” საუბრისას.
დაჭრილმა მსახიობმა კლინიკა დატოვა და მკურნალობას სახლში განაგრძობს. ის “კურიერი P.S.“-ის კამერასთან მომხდარის პირველად ჰყვება.
„მე არ ვცხოვრობ ისე, რომ ამას ვიმსახურებდე. შეცდომები დამიშვია და პასუხიც გამიცია. ჩემთვის მოტივი უცნობია. დარტყმის დროსაც ვერ გავიგე მოტივი. ერთადერთი აზრი არის ის, რომ ამ ადამიანს ჩემი მოკვლა უნდოდა. თავდაცვისთვის რაც ჩავიტანე, ცული მე ის კარის გაღებამდე გადავაგდე. ჩემი მოტივი მისი მოკვლა არ იყო. ვეუბნებოდი, რომ არ მინდა დაგიჭირონ. შიშველი ხელით ვცდილობდი შებოჭვას და ვცემდი, მაგრამ მისგან ხელი არ მომხვედრია, მომხვდა დანა,” – ამბობს კოსტა სანიკიძე.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. გიორგი გველესიანს დაკავებიდან მალევე, 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომაზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებას დუმილით უპასუხა, ისევე როგორც ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას. სხდომაზე მას არც თავდასხმის მოტივი დაუსახელებია და არც ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატის მოულოდნელი აცილების მიზეზი.
ის, რომ ბრალდებულს შესაძლოა ფსიქიკური პრობლემა ჰქონდეს, არ სჯერა კოსტა სანიკიძეს.
„თუ ფსიქიკურია, ვითხოვ ცნობას, მეორე, თუ ვერ აზროვნებს და ავად არის როგორ ხვდება ადვოკატის ალოგიკურობას, ეს ყველაფერი შოუა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადვოკატს დღემდე აქვს კომუნიკაცია,” – ამბობს სანიკიძე.
წყარო - "რუსთავი2"