„ის ადამიანი არ ვარ, ვინც ერთ მდინარეში ორჯერ შედის“ - მანანა გაბრიჭიძე
TIA.GE-ს დღევანდელი რესპონდენტი ლიდერი ქალია, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ღონისძიებაზე მხარზე შემოდებული მძიმე კამერით შეგხვდეთ. კამერა და ტელევიზია მისი ცხოვრების ნაწილია, რომელსაც თავისი შექმნილი სტუდიის აღსაზრდელებს უნაწილებს. ფიქრობს, რომ დედამიწას ქალების ენერგია ატრიალებს და ქალისთვის შეუძლებელი არაფერია. თქვენს წინაშეა ინტერნეტ ტელევიზია „ინკოგნიტოს“ დამფუძნებელი, „ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი“, ,,პერსონა 2021“–ის ტიტულის მფლობელი მანანა გაბრიჭიძე.
- ვინ არის მანანა გაბრიჭიძე?
- დავიბადე საჩხერის რაიონში, 17 წლამდე ჭიათურაში ვიცხოვრე. მამა თანამდებობის პირი იყო, დედა - პედაგოგი. ოჯახში ორი და და ორი ძმა ვიზრდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ორი ძმა მყავდა, დედას სკოლაში, დირექტორთან ჩემს გამო იბარებდნენ.
- ასეთს რას აშავებდით?
- უსამართლობას ვერ ვიტანდი. თუ ჩემს თვალწინ ვინმეს ჩაგრავდნენ, აუცილებლად ვექომაგებოდი და ხშირად ხელჩართულ ჩხუბში ვერთვბოდი. დედას სკოლაში რომ გამოიძახებდნენ, იცოდა, რომ ვიღაც ბიჭი მყავდა ნაცემი. მოკლედ, მშვიდი და ფეხისწვერებზე მოსიარულე გოგოს იმიჯი ნამდვილად არ მქონდა. მსგავსი შემთხვევების გამო რაღაც პერიოდით სკოლამ პიონერის წითელი ყელახვევის და კომკავშირის სამკერდე ნიშნის ტარების უფლებაც კი ჩამომართვა. რა თქმა უნდა, წლების მატებასთან ერთად შევიცვალე და მივხვდი, რომ უსამართლობას შეიძლება ჩხუბისა და დაპირისპირების გარეშე შეებრძოლო.
- ბობოქარი ბავშვობა გქონიათ. დღეს რას საქმიანობთ?
- თითქმის 30 წელია ინტერნეტ ტელევიზია ,„ინკოგნიტოს“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი ვარ. ტელევიზიისთვის სახელის შერჩევა საკმაოდ უცნაურად მოხდა. სულ რაღაც 19 წლის ვიყავი, როდესაც სტუდია „ანარეკლი“ მქონდა. ეს საკმაოდ წარმატებული სტუდია იყო, მაგრამ ვიღაცამ ჩათვალა, რომ ამხელა სტუდიის მართვისთვის ძალიან პატარა ვიყავი და სტუდიის დახურვა დააპირა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანის ვინაობას არ გავამხელ, თუმცა გეტყვით, რომ საკმაოდ გავლენიანი ადამიანი იყო. მისი კაბინეტიდან უხმოდ გამოვედი, მაგრამ შემდეგ მივუბრუნდი და ვუთხარი - ინკოგნიტოდ ვიარსებებ და მაინც ვიარსებებ თქო. ასე გაჩნდა ტელევიზიის სახელი. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ვერასოდეს შეველევი, რადგან ის ჩემი გარდაცვლილი ძმის ოცნება იყო.. მამუკას სტუდიის პირველი გადაცემები მიჰყავდა და ამ სტუდიის არსებობით ჩემში ჩემი ძმა ვაცოცხლე.
- რატომ მოდიან თქვენთან ბავშვები, რას ასწავლით და როგორ?
- „ინკოგნიტოში“ ვცდილობთ, რომ ბავშვები კომპიუტერს და მობილურს მოვწყვიტოთ და წიგნთან, კალამთან და ფურცელთან დავამეგობროთ, თაობას, რომელიც მშობლიურზე უკეთ უცხოურს იცნობს, ჩვენი მდიდარი კულტურა და მისი ცნობილი წარმომადგენლები გავაცნოთ, კამერასთან მუშაობა და ფოტოგადაღება ვასწავლოთ და რაც მთავარია, საკუთარი თავის პოვნაში დავეხმაროთ.
- როგორც ვიცი, „ინკოგნიტოს“ კურსდამთავრებულებს შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც არიან.
- შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ყველა ტელევიზიაში არიან: გიორგი გილიგაშვილი (ჩემმა მზემ), გიორგის დები -ნუცა და მარიამ გილიგაშვილები, ელენე თავაძე და ანა ჯამაგიძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი), ნათია ხართიშვილი და მარიამ სებუა (პოსტ- TV), რადიოში - თეო დარჩია და ა.შ.
არ შემიძლია, რომ ჩემი უსაყვარლესი მოსწავლე, „ინკოგნიტოს“ კურსდამთავრებული თაკო ყურშავიშვილი არ გავიხსენო, რომელმაც 2014 წელს უბედური შემთხვევის შედეგად დაგვტოვა. ეს იყო გამორჩეულად საყვარელი ადამიანი, რომელიც ძალიან მაკლია და მენატრება. 2013 წლის ზაფხულში თაკო სტუდიის კურსდამთავრებულებთან ერთად ევროპის ქვეყნებში იმყოფებოდა და ის, რომ ესპანეთში გრანპრი ავიღეთ, მისი დამსახურება. ჩემს სტუდიაში თაკოს ყველა ფოტოკოლაჟი შენახულია. იმდენად საოცარი ბავშვი იყო, რომ მარტო ოჯახს და ჩვენს კი არა, სამყაროს დააკლდა. დღემდე ჩემს გულშია და ყოველთვის აქ იქნება.
- როგორც ვიცი, ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. ბავშვებთან ერთად მოგზაურობა გარდა იმისა, რომ სახალისოა, უდიდეს პასუხისმგებლობასაც მოიცავს. რამე განსაკუთრებულს ხომ ვერ გაიხსენებდით?
- ძალიან ბევრ ქვეყანაში ვართ ნამყოფი. 22-ჯერ მარტო თურქეთის ფესტივალებზე გამოვსულვართ. ამის გარდა, პარიზი, რომი, ვატიკანი, ვენეცია. ესპანეთი, გერმანია და ა.შ. რა თქმა უნდა, გასტროლები ადამიანებს ერთმანეთთან უფრო აახლოვებს და სახლში დიდი თავგადასავლებით ვბრუნდებით. არასოდეს დამავიწყდება, რომ თურქეთში გასტროლების დასრულების შემდეგ სასტუმროდან ჩემოდნებით რომ გამოვედით და გვერდით მდებარე სასტუმროს მეპატრონე შეგვხვდა, ეს ჩალაგებული ჩემოდნები ამოგვალაგებინა, 10 დღე თავის სასტუმროში დაგვტოვა და მერე უკან გამოსამგზავრებელი ბილეთებიც გვიყიდა და გამოგვამგზავრა. ეს რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო.
- ოჯახს თქვენი ხშირი მოგზაურობის და მოუცლელობის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს? ხომ არ გსაყვედურობენ?
- დავიწყოთ იმით, რომ მეუღლესთან, პაროდისტ მერაბ გეგეჭკორთან განქორწინებული, ვარ, მაგრამ საუკეთესო მეგობრებად დავრჩით. მყავს ორი შვილი - 17 წლის ნინიკო „ინკოგნიტოს“ წარმატებული კურსდამთავრებული და საკმაოდ კარგი ჟურნალისტია. 13 წლის ნიკოლოზი მომავალი მოქანდაკე და კარგი მსახიობია - ალბათ ეს მამისგან გენეტიკურად გამოჰყვა. 8 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი საზოგადოებრივი მაუწყებლის საიუბილეო ფილმში „ტელევიზორი“ და ახლა მეორე ფილმში იღებენ. ერთმა ცნობილმა რეჟისორმა ქართველი ალენ დელონიც კი უწოდა, ასე რომ მის სამსახიობო მომავალს დიდი იმედებით შევყურებ. შვილები ჩემი საქმიანობისგან შორს არ არიან, ამიტომ ჩემი ყურადღება არ აკლიათ. რა თქმა უნდა, მამასთანაც საუკეთესო ურთიერთობა აქვთ. ის ვახტანგ სალარიძის სახელობის თეატრის დირექტორია და მიხარია, რომ თავისი შრომით ბევრს მიაღწია. საერთოდაც, არ მიმაჩნია ნორმალურად, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის შორის ომია გაჩაღებული და ამას ბავშვები უყურებენ. პირიქით, ჩვენი შვილების წარმატებით ერთმანეთი უნდა გავახაროთ, ბავშვების საჭიროებებთან დაკავშირებით ერთმანეთს რჩევა ვკითხოთ და ა.შ.
- მეორე ოჯახის შექმნაზე არ გიფიქრიათ?
- არ მინდა იმ ხალხს, ვინც მეორე და მესამე ოჯახები შექმნა, შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ის ადამიანი არ ვარ, ვინც ერთ მდინარეში ორჯერ შედის. ჩემთვის შვილების აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია და მათთვის გულის ტკენას არ ვაპირებ. ასე, რომ მეორედ დაქორწინება ან მეგობარი მამაკაცი ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედის.
- თავისუფალ დროს როგორ იყენებთ?
- თავისუფალი დრო თითქმის არამაქვს და თუ მაქვს, ვცდილობ მთლიანად შვილებს, ძმიშვილებს და საყვარელ ადამიანებს დავუთმო.
- რას ურჩევდით ქალებს, რომლებიც სწორედ ახლა დგამენ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?
- ვურჩევდი, რომ რამდენჯერაც წაიქცევიან, იმენჯერ წამოდგნენ და მიზნისკენ მიმავალი გზა გააგრძელონ. არასდროს დანებდნენ და იფიქრონ, რომ არაფერი გამოუვათ. ყოველი წუთი დააფასონ და არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხიონ. შრომისმოყვარებით და მიზანსწრაფულობით შეიძლება ყველაფერს მიაღწიო ამ სამყაროში და შექმნა შენი სამყარო, რომლისთვისაც სიცოცხლე ღირს.
- წარმატებას გისურვებთ.