უკრაინაში რთული ვითარებაა დიდთოვლობის და ქარბუქის გამო
უკრაინის დიდ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ კიევში, საფრთხის მეორე, ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა დიდთოვლობის და ქარბუქის გამო.
ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, 2 019 დასახლებული პუნქტი ენერგომომარაგების გარეშეა დარჩენილი.
რთული ვითარებაა საავტომობილო გზებზე. მხოლოდ ოდესის ოლქში 70-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა. უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან. ქვეყნის მასშტაბით, დროებით დაიკეტა 14 ავტომაგისტრალი.
კიევის და ოდესის გარდა, რთული ვითარებაა ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კრივოი როგის, პოლტავის, ჩერნიგოვის და დონეცკის ოლქებში. რთული ვითარებაა უკრაინის ანექსირებულ ნაწილში, ყირიმის ნახევარკუნძულზეც. შტორმის გამო დატბორილია არაერთი რაიონი. ქარიშხალმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ენერგომომარაგების გარეშე დარჩა ნახევარი მილიონი ადამიანი.