დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - ირაკლი ღარიბაშვილი
1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც. ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება არც მშვიდობა იქნებოდა და არც ეკონომიკური ზრდა.
„რაც შეეხება ზოგადად, მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას, იცით, რომ ჩვენ წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ახლაც ძალიან კარგი ტენდენციებია და მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს პოზიტიური დინამიკა. მინდა გამოვეხმაურო საქსტატის მიერ წინა კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, ეს ეხება ეკონომიკურ აქტივობას და დასაქმების საკითხებს. წელს, ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. მესამე კვარტალშიც გაიზარდა, მეორეშიც, პირველშიც. მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში. 1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც. ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება და წინა მთავრობა, დღეს არც მშვიდობა იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა. ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ და გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა, ამიტომ, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან პოლიტიკას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და განვითარების მაღალ ტემპს “, - განაცხადა პრემიერმა.