კაცი, რომელმაც საკუთარი ცოლი ავტობუსში შვილების თანდასწრებით მოკლა, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობაში გაუშვან
კაცი, რომელმაც საკუთარი ცოლი ავტობუსში შვილების თანდასწრებით მოკლა, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობაში გაუშვან - ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე დღეს მსჯელობა მეორე ინსტანციის სასამართლომ დაიწყო.
გარდაცვლილი ქალის ადვოკატი "პირველებთან" იმ კონკრეტულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის დანაშაულს ადასტურებს.
ელისო რუხაძე დარწმუნებულია, რომ დანაშაულის ჩადენის პროცესში ბრალდებული აფექტის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამეთვალყურეო კამერები მკაფიოდ აჩვენებს, თუ როგორი თანმიმდევრული იყო მკვლელი. როგორ განახორციელა მრავლობითი დაზიანება საჯარო ადგილას ხუთი ბავშვის თვალწინ. ასევე, მოწმეები, რომლებიც კონკრეტულად მიუთითებენ დანაშაულის ჩადენის შემდეგ როგორ უსაბუთებდა ბატონი მებონია, თუ რატომ მოკლა ცოლი. აფექტის ჩადენის დროს ამას ვერ ახერხებს ადამიანი", - აღნიშნა ელისო რუხაძემ.
პროკურორი ლევან ჟორჟოლაძე მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმებასა და უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
"სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მოთხოვნა ,ძირითადად, დამყარებულია არგუმენტზე, რომ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხადი, თუმცა თავად დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ის შეურაცხადი დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო. იყო შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, რაც არ გამორიცხავს მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობას. ბრალდების მხარე ვითხოვთ, რომ სასჯელი დაუმძიმდეს მსჯავრდებულს და უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს", - განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.
ცნობისთვის, 2022 წლის 21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე 30 წლამდე კაცმა, 27 წლის ქალი მოკლა.