"უხდებოდი სოფელს მაგრამ სოფელმა ვერ მოგიხდინა...ვერ გავრკვეულვარ, რა ძალა გქონდა, რა მადლს ასხივებდი“ - თამაზ მეჭიაური 69 წლის გახდებოდა
2022 წლის 15 თებერვალს პოლიტიკოსი, არაერთგზის დეპუტატი და თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსს ემსხვერპლა. ის დღეს 69 წლის გახდებოდა.
გარდაცვლილს პოეტმა და მისმა მეგობარმა ტარიელ ხარხელაურმა ემოციური პოსტი მიუძღვნა.
"ჩემო თამაზ! ჩემო მეგობარო!
ვიდრე ცოცხალი ვარ, სხვა დროში და სხვანაირად შენთვის დაბადების დღის მოლოცვა გამიჭირდება... უხდებოდი სოფელს მაგრამ სოფელმა ვერ მოგიხდინა....უხდებოდი სამეგობროს, უხდებოდი შენს ქვეყანას, ყველაზე დიდსა და ყველაზე წმიდას. როგორც კარგ ყმას შეჰფერის, გყავდა მტერი, მაგრამ შენი უზარმაზარი კაცობით არავის მტრობა არ შეგეძლო...დადიოდი წუთისოფელში, ამ ბინდისფერ წუთისოფელში, სიყვარული და სითბო დაგქონდა. გყავდა და გყავს დიდი სამეგობრო დიდი კაცების, ამ დიდი კაცების სამეგობროშიც დიდი ხარ და განსხვავებული. ახლაც ვერ გავრკვეულვარ, რა ძალა გქონდა, რა მადლს ასხივებდი, რომ შენ ირგვლივ მყოფთ შენით ამხნევებდი, შენით ამზიანებდი... ან კი რა გასაკვირია, შენს ნაბიჯსაც და შენს ღიმილსაც სხვა შნო და სხვა ლაზათი ჰქონდა, სხვანაირად გვავსებდა, სხვანაირად გვეიმედებოდი... ვწერ ამ სტრიქონებს, გულში ჩაგუბებულ ცრემლს გარეთ გამოტანის საშუალებას არ ვაძლევ,. რადგან არ მინდა შენი დაბადების დღისთვის ცრემლი მისველებდეს სტრიქონებს, ასეთი სტრიქონები შენნაირი კაცების სულს სილაღეს დააკლებენ, თუმცა, დაკვირვებული თვალისთვის სილაღე შენი გარეგნული ხასიათი იყო, თორემ გულში შენი სამშობლოს ტკივილი, გაუგონარი ღალატის ტკივილი მუდმივად სახლობდა...მეტის გაგრძელებას ვეღარ შევძლებ... უბრალოდ, როგორც გვჩვევია - ლომო, როგორ ხარ?...
ჩვენი უღალატო სამეგობროს სახელით გილოცავ
დაბადების დღეს ...", - წერს ტარიელ ხარხელაური.