საქართველომ გააგრძელა კონტრტერორისტულ საკითხებში აქტიური ჩართულობა და აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დარჩა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველომ გააგრძელა კონტრტერორისტულ საკითხებში აქტიური ჩართულობა და აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დარჩა.
ანგარიშის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებულ ვითარებას, ისევე როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს სახელმწიფო უწყებების მუშაობას პოზიტიურად აფასებს და ამ კუთხით აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის როლიც.
„ტერორიზმთან დაკავშირებული ვითარება საქართველოში მშვიდი და სტაბილური იყო. საქართველოს, ზოგადად, შეუძლია ტერორიზმის შემთხვევების აღმოჩენა, აღკვეთა და მათზე რეაგირება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ტერორიზმთან დაკავშირებული შემთხვევების გამოძიების უფლებამოსილება და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს უწყებებთან, მათ შორის, საქართველოს პროკურატურასთან,” - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოში ტერორიზმის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის შეთქმულება, რომელსაც, სავარაუდოდ, ისლამური რევოლუციის გვარდიის დაჯგუფებასთან დაკავშირებული ირანელები ხელმძღვანელობდნენ.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კრიმინალიზებულია ტერორიზმის მხარდამჭერი ქმედებები, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსება, კიბერტერორიზმი, წვრთნის ჩატარება და ინსტრუქტაჟის გაწევა, ტერორიზმისკენ მოწოდება და ტერორისტულ ორგანიზაციაში ჩაბმა, მათ შორის, უცხოელი მებრძოლებისა,“ - აღნიშნულია ანგარიშში.