თეგებით ძიება

ერთპიროვნული, უინტელექტო მმართველობა „ნაცმოძრაობისთვის“ სიახლე არ არის - გია ვოლსკი

„ნაცმოძრაობიდან“ რომ გადიან, რა საკვირველია, ხაბეიშვილის მმართველობასთან შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ, მაგრამ არც ნაკლები უზურპირებული იყო მმართველობა, როცა სააკაშვილი იყო მისი მოქმედი თავმჯდომარე - პარტიიდან დისტანცირება შეიძლება მხოლოდ ერთი მიზეზით, იმ ჭრილობების გამო, რაც მათ საქართველოს, მის მოსახლეობას და უამრავ ოჯახს მიაყენეს, სამწუხაროდ, ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული ვითარებისა და მისი ლიდერების ნაწილის დავით კეზერაშვილთან ვიზიტის მოტივებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მცდელობა იქნება, რომ პარტიის გადარჩენა ფინანსური რესურსით მოხდეს. ამასთან, როგორც ვოლსკი აღნიშნავს, პარტიას შესაძლო ადამიანები ტოვებდნენ იმის გამო, რომ აღარ სურთ ამ პარტიის „სასტიკ წარსულთან“ რამე საერთო ჰქონდეთ.

„კრიზისულია პერიოდი, ყველას ვერ სწვდება კეზერაშვილის ფინანსები, მაგრამ მეორე თემაა, „ნაცმოძრაობიდან“ რომ გადიან, რა საკვირველია, ხაბეიშვილის მმართველობასთან შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ, მაგრამ არც ნაკლები უზურპირებული იყო მმართველობა ამ პარტიაში, როცა სააკაშვილი იყო მისი მოქმედი თავმჯდომარე და ახლაც ვერავინ ვერ გაიგო თავმჯდომარეა თუ მანიფესტების ავტორია. სამწუხაროა, რომ არავინ არ ახსენებს იმას, რომ გასვლა და პარტიიდან დისტანცირება შეიძლება მხოლოდ ერთი მიზეზით, იმ ჭრილობების გამო, რაც მათ საქართველოს, მის მოსახლეობას და უამრავ ოჯახს მიაყენეს, ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. გადარჩენა ამ პოლიტიკური პარტიისა ფინანსური რესურსით, რომელიც ისედაც მოედინება მისი მიმართულებით, რა საკვირველია, იქნება მთავარი თემა, რომელიც დღის წესრიგში დგას.

ერთპიროვნული, უინტელექტო მმართველობა პარტიის შიგნით არ არის სიახლე „ნაცმოძრაობისთვის“, გაცილებით ხისტი და გაცილებით არადემოკრატიული მმართველობის პერიოდი გაიარა ამ კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ. მიუხედავად ამისა, ადამიანები ლევან ხაბეიშვილის ინტელექტზე აპელირებას აკეთებენ და ამის გამო სცილდებიან პარტიას, ხედავენ, რა რომ პარტიამ ავტორიტეტიც დაკარგა და უკვე სასაცილოდაც კი იქცა იმის გამო, რასაც პიროვნულად ხაბეიშვილი ან მისი გარემოცვა სჩადის. არის მეორე ფაქტორი, რომელიც განპირობებულია კეზერაშვილისგან წამოსული თანხების გადანაწილების შესახებ ასე თუ ისე უსამართლობის განცდაზე, რომელიც აქვს პარტიის გარკვეულ ნაწილს და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ დღეს ეს ორი ფაქტორი ხასიათდება და სახელდება როგორც პარტიის დაშლის პროცესი და არა ის, რომ რეალურად ხალხს, საზოგადოებას, თუნდაც „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ აქტივისტებს აღარ უნდათ საერთო ჰქონდეთ იმ დანაშაულებთან, რომელსაც შეიძლება დავარქვათ სისტემური სადისტური მმართველობის პერიოდი. მე ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ნათელი სურათია შექმნილი“,- განაცხადა ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა