ომში გარდამტეხი მომენტი შეიძლება მარტში დადგეს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომში გარდამტეხი მომენტი შეიძლება მომავალი წლის მარტში დადგეს, როდესაც რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ვლადიმირ პუტინი საბოლოოდ დაკარგავს ლეგიმიტაციას, როგორც ქვეყნის კანონიერი მმართველი. ამის შესახებ ზელენსკიმ The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
„გვესმის, რომ რუსეთში არჩევნები არადემოკრატიულად ტარდება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ჩაივლის არჩევნები - ყველამ იცის, როგორი იქნება შედეგი... ამის შემდეგ ბურთი დასავლეთის მხარეს იქნება: აღიარონ ეს არჩევნები თუ არა. მსოფლიოს შეუძლია, ეს არჩევნები არალეგიტიმურად ცნოს. შესაბამისად, პუტინი შეიძლება არალეგიტიმური პრეზიდენტი გახდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, დასავლეთი კიევიდან შეხსენების გარეშე უნდა ხვდებოდეს, რომ რუსეთში ჩატარებული არჩევნების აღიარება არ შეიძლება.
„ძალიან მინდა, რომ დასავლური სამყარო ამას ხვდებოდეს და მე არ მიწევდეს დარეკვა, ზეწოლის განხორციელება და საუბარი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.