მოკლულის ცხედარი მთელი ღამე ეგდო ბრალდებულის სახლის წინ და სავარაუდოდ, ცხოველებისგან გარშემო შემოჭმული ჰქონდა ჭრილობები - წალკაში მომხდარი მკვლელობის შემზარავი დეტალები
წალკაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება რუსთავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ბრალდებული ვოსკან ვოსკანიანმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა. მისი დვოკატი ამტკიცებს, რომ კაცი ნაჯახით შეიარაღებული ქალისგან თავს იცავდა. მუხრან ღურწკაიას თქმით, აპირებს დღევანდელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
"აშკარაა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა. გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს ქალბატონმა თავად დაუკავშირდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, შეხვდა, ლანძღავდა მას და თან ხელში ჰქონდა ნაჯახი. ცდილობდა დაერტყა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, რა დროსაც მან წაართვა ნახი და თავად ჩაარტყა" - აღნიშნა ადვოკატმა.
"მოკლული ქალბატონის, ეკატერინე გულაშვილის გვამი ნანახი იქნა ბრალდებულ ვოსკან ვოსკანიანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე - ფაქტობრივად, ჭიშკრის წინ. ქალბატონი იყო მოკლული. თავის არეში, ნაჯახით, მიყენებული ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები. ვინაიდან, მთელი ღამის განმავლობაში, გვამი ეგდო ვოსკან ვოსკანიანის საცხოვრებელი სახლის წინ, სავარაუდოდ, ცხოველებმაც მოახდინეს მასზე ზემოქმედება - გარშემო შემოჭმული ჰქონდა ჭრილობები", - განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ "კურიერთან" საუბარში.
მკვლელობა წალკაში გუშინ მოხდა. მოკლულია 53 წლის ეკა გულაშვილი. მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. მოკლული ქალი დამნაშავის ყოფილი თანამშრომელი იყო. ის ფსიქიატრიულში მომვლელად მუშაობდა და დაწესებულებიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. არსებობს ვერსია, რომ კონფლიქტი მამაკაცსა და ქალს შორის სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანში, ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს, ნაჯახით, თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.