აშშ-ში ნავთობის მოპოვებამ რეკორდულ დონეს მიაღწია
აშშ-ში ნავთობის მოპოვებამ რეკორდულ დონეს მიაღწია. მიმდინარე წლის დეკემბერში ამერიკული კომპანიების მიერ დღეში 13,2 მილიონი ბარელის მოპოვება ხდებოდა, რაც რუსეთსა და საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვების დონეს აღემატება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ნავთობის მოპოვების გაზრდის გადაწყვეტილება აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღო. მაშინ ნავთობის ფასმა პირველად ათწლეულის განმავლობაში 100 დოლარს გადააჭარბა. ამერიკაში ახალი ჭაბურღილების გაბურღვა დაიწყეს და სწორედ ახლა ის სრულ სიმძლავრეზე მუშაობას იწყებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს აშშ-ის მიერ ნავთობის მოპოვება დღეში 500 000 ბარელით გაიზრდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი მოპოვება აშშ-ში რეკორდული გახდა მიმდინარე წლის აგვისტოში.
ამჟამად აშშ-ის მიერ დღე-ღამეში 4 მლნ. ბარელი ნავთობს ექსპორტი ხდება. ის მსოფლიოში ენერგორესურსების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. ამერიკულ ნავთობს ევროპის და აზიის ქვეყნები ყიდულობენ. ამ პროცესმა ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე კრიზისული სიტუაციის გადაჭრის შესაძლებლობა შექმნა.
ამერიკის მიერ ნავთობის მოპოვებას და მისი ფასის კლებას პოლიტიკური შედეგებიც აქვს. ამან ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციები გაამყარა რუსეთის, ვენესუელის, ირანის და საუდის არაბეთთან მიმართებით. ახლა აშშ-ს აღარ აქვს იმის აუცილებლობა, რომ ნავთობის მსოფლიო ფასების სტაბილიზაციის საკითხში მხოლოდ საუდის არაბეთის იმედი ჰქონდეს. ამერიკაში ბენზინის ფასი თითქმის 40%-ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით, ეს მნიშვნელოვანი არგუმენტია ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, მით უმეტეს მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ.