ყაჩაღობა აბაშაში - ნიღბიანებმა შუახნის ცოლ-ქმარს ტელეფონი და 100 ლარამდე თანხა წაართვეს
ყაჩაღობა სამეგრელოში - აბაშის ბაზარში ყველის გასაყიდად საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს გზად შეიარაღებული პირები დახვდნენ. ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ და შუახნის მგზავრებს ტელეფონი და 100 ლარამდე თანხა წაართვეს. ამის შემდეგ, იარაღის მუქარით თავი ტყეში შეაყვანინეს და მიკროავტობუსში გაკოჭილები დატოვეს. მოგვიანებით, კაცმა მიკროავტობუსიდან გადმოსვლა და გზაზედახმარების სათხოვნელად გასვლა შეძლო.
ამ დროისთვის ცოლ-ქმარი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს. საქმეზე დაკავებული ამ დროისთვის არავინაა - აბაშის სოფლებში, ასვეე მარტვილის, ჩხოროწყუსა და სენაკის გზებზე მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.