კითხვები ახლა დაიწყება! ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში? - გიორგი გახარია
ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება. დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის. ყველას ყველაფერი მოეკითხება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ რეგიონის მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ადამიანები ეჩვევიან თანამდებობებს, ფულის მოპარვას და დაუსჯელობას. ამასთან, განმარტავს, რომ „ოცნების“ ამოცანაა შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს.
„საქართველო პატარა ქვეყანაა. არ შეიძლება თორმეტი წელი სარგებლობდე ხალხის ნდობით და გაცვითო ეს ნდობა. ადამიანები ეჩვევიან თანამდებობებს, ფულის მოპარვას, დაუსჯელობას… ამათ ახლა სახლში იმდენი აქვთ წაღებული, რომ იმას ფიქრობენ როგორ დაიცვან, შეინარჩუნონ ეს ყველაფერი, თან დაჭერისაც ეშინიათ... ეს ხალხი არ უნდა გაქრეს, მაგრამ რაც გაუფუჭებიათ, იმაზე პასუხი უნდა აგონ! კითხვები ახლა დაიწყება, ვის რამდენი აქვს წაღებული, ვის რამდენი აქვს მოპარული, ვის რამდენი - გაფუჭებული. აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის! ყველა ზეპირად ვიცი! ვიღაც ძალიან მდიდრდება, ვიღაც კი ქვეყნიდან გარბის. მე რატომ არ მეშინია, ან რომ გადავდექი, რატომ არ შემეშინდა? იმიტომ რომ ვერაფერს დამაბრალებენ, საქმის გარდა არაფერი მიკეთებია და სახლში არაფერი წამიღია! ყველას ყველაფერი მოეკითხება...“ოცნებამ“ არჩევნებში რომ გაიმარჯვოს, ძალიან ცოტა ხალხს უნდა, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებს უნდა, რომ „ნაცები“ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ამიტომ გვებრძვიან ჩვენ. „ოცნების“ მთავარი ამოცანაა, შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს. მათი ისტერიკა გაიზრდება, ათას სისულელეს დაგვაბრალებენ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო დიდია ისტერიკა, მით უფრო ახლოს ვართ მიზანთან!“ - განაცხადა გიორგი გახარიამ, რომლის კომენტარსაც პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები სამეგრელოში, გურია-აჭარასა და იმერეთში გუნდის წევრებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. 1, 2 და 3 დეკემბერს შეხვედრები გაიმართა სამეგრელოში, მარტვილში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში.
„გიორგი გახარიასთან ერთად რეგიონულ წარმომადგენლობათა აქტივს და ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის სხვა ლიდერებიც შეხვდნენ: რეგიონული მდივანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კერესელიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატები სალომე კობალაძე და გიორგი შარაშიძე, პარტიის საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბაშარული.
შეხვედრების მთავარი მიზანი ქვეყანაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების გადაწყვეტაა. საუბრები შეეხებოდა პარტიის „საქართველოსთვის“ საქმიანობას, სამომავლო გეგმებსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის შეხვედრები მოქალაქეებთან ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.