დედამ 7 წლის ქალიშვილის მკვლელი სასამართლო დარბაზში მოკლა - ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა
...1981 წლის 6 მარტი. გერმანია, ლუბეკის რაიონული სასამართლოს დარბაზი. 31 წლის მარიანე ბახმაიერი მჭიდს დააცლის 35 წლის კლაუს გრაბოვსკის, რომელმაც ერთი წლით ადრე, მარიანეს 7 წლის ქალიშვილი მოკლა... ეს არის მსოფლიოში ყველაზე გახმაურებული ვიჯილანტიზმის აქტი (ე.წ „სახალხო სამართალი“, ლინჩის წესი), რის შემდეგაც ბახმაიერის საქმე გერმანიამ და მსოფლიომ გაიცნო...
ანას მკვლელობა
7 წლისა და 5 თვის ანა ბახმაიერი, 1980 წლის 5 მაისს სკოლაში არ წასულა. გოგონა სკოლის მეგობართან სტუმრად მიდიოდა, როცა 35 წლის ყასაბმა, კლაუს გრაბოვსკიმ
გაიტაცა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მამაკაცს ბავშვი საკუთარ სახლში რამდენიმე საათი ჰყავდა დატყვევებული, შემდეგ კი მისივე რეიტუზით დაახრჩო. პროკურატურის ინფორმაციით, გრაბოვსკიმ გოგონას ცხედარი ყუთში მოათავსა და არხის პირას დამარხა.
კლაუს გრაბოვსკი ამ დანაშაულამდე ბრალდებული იყო სექსუალურ ძალადობაში ორი გოგონას მიმართ. 1976 წელს მას კასტრაცია გაუკეთდა. როდესაც 7 წლის ანას საქმეზე დააკავეს, გრაბოვსკი ირწმუნებოდა, რომ გოგონაზე სექსუალური ძალადობა არ განუხორციელებია. მისი თქმით, ბავშვმა უთხრა, რომ დედას მოუყვებოდა ამ ამბის შესახებ და გრაბოვსკის ფულს გამოსძალავდნენ...
მარიანეს მძიმე წარსული
მარიანე ბახმაიერს თავადაც უმძიმესი წარსული ჰქონდა. მამამისი ნაცისტური Waffen-SS-ის ორგანიზაციის წევრი იყო. გოგონას მშობლები ადრე დაშორდნენ ერთმანეთს. მარიანე პირველად 16 წლის ასაკში გახდა დედა. 18 წლის ასაკში კი მეორედ დაფეხმძიმდა შეყვარებულისგან. მეორე ქალიშვილის შეძენის შემდეგ, მალევე, მარიანე გააუპატიურეს. ახალგაზრდა დედას ორივე ბავშვი ჩამოაშორეს და აღსაზრდელად ოჯახებს გადასცეს.
1973 წელს დაიბადა ანა. მარიანე უკვე 23 წლის იყო, სასადილოში მუშაობდა კიდეც და ქალიშვილი ყველასგან დამოუკიდებლად აღზარდა. ანას დაბადების შემდეგ, მარიანემ სტერილიზაცია გაიკეთა.
მკვლელის მკვლელობა
...1981 წლის 6 მარტს, გრაბოვსკის სასამართლო პროცესის მესამე დღეს, მარიანე ბახმაიერმა დარბაზში „ბერეტას“ ტიპის პისტოლეტი ჩანთით შეიტანა. ქალმა იარაღი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ზურგში დაუმიზნა და გაისროლა. 35 წლის ბრალდებულს 7 ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.