„ათი ათასამდე დამლაიქებელს და დამკომენტარებელს არ შემიძლია არ გამოვეხმაურო“ - რას წერს გრინ ბარეტი?
ჟურნალისტის, პოეტი და აქტივისტის ფეისბუქ-პოსტმა რომელიც რომელიც ქართულ ინტერნეტ თუ ბეჭდურ სივრცეში "გრინ ბარეტის" ფსევდონიმით არის ცნობილი, სოციალურ ქსელში დიდი მოწონება გამოიწვია. „ძირითადად კი მეთანხმებით, მაგრამ არაერთი ისეთი კომენტარიც გამოერია, რომელიც პირდაპირ "მამხელს," რომ მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატებამ გამაცოფა“ - ამის შესახებ გრინ ბარეტი თავის მომდევნო ფეისბუქ-პოსტში წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ათი ათასამდე დამლაიქებელს და დამკომენტარებელს თავის გამზიარებელ-მაზიარებლებით, არ შემიძლია კიდევ ორიოდე აბზაცით არ გამოვეხმაურო.
საქმე იმაშია, რომ ძირითადად კი მეთანხმებით, მაგრამ არაერთი ისეთი კომენტარიც გამოერია, რომელიც პირდაპირ "მამხელს," რომ მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატებამ გამაცოფა და ა.შ.
სამწუხაროდ არახალია, რომ აღქმებით შეპყრობილ, ანუ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ან არ აწყობთ წაკითხულიდან იმ აზრის გამოტანა, რაც შავით თეთრზე სწერია, და ჯიუტად "ჩიპზე ჩაწერილ," ანუ თავში ჩატენილ პროტოკოლებს აწვებიან.
არადა, თუ დაუკვირდებით, მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატებას საერთოდ არ ვაპროტესტებ. იმ სისტემას ვაკრიტიკებ, რომელიც ბავშვისთვის რეალური განათლების მიცემაზე კი არა, რაღაც ბუღალტერიაზეა აგებული და ორიენტირებული! სადაც მასწავლებელი არის სრულიად უუფლებო (მოსწავლეს მასზე ასჯერ მეტის უფლება აქვს) და იმის შიშით დაკომპლექსებული, რომ არ მოხსნან ან საერთოდ, არ დაიჭირონ.
ასეთ მასწავლებელს მარტო უფლება კი არა, მოტივაციაც აქვს წართმეული. ურჩევნია დინებას მიყვეს, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და, - "აი დარდი, თუ არც ისწავლიან რაა..."
სამაგიეროდ სახლში იღებს მოსწავლეებს, სადაც (სკოლისაგან განსხვავებით) რეალურად კონკრეტული საგნის შესასწავლად მიდის (მიჰყავთ) ბავშვი, ამიტომ პრობლემებიც ნაკლებია.
აი, ეს მახინჯი სისტემაა მისახედი, რადგან ასეთი სკოლა (არ ვიცი რამდენი ათასია საქართველოში) არც ბავშვს აძლევს რაიმე კარგს და არც მასწავლებელს, რომელსაც, ჩემის ღრმა რწმენით, სხვა ძირეული ცვლილებების გარეშე, აი ეს, ხელფასების მატება, - პირიქით გარყვნის, იმ მხრივ, რომ უფრო ფუქსავატსა და ინფანტილურს გახდის, - რა კარგია: ხელფასებს გიმატებენ, იმას კი საერთოდ არ გთხოვენ, რისთვისაც მასწავლებელი გქვია.
ასეთი, არც სკოლა სჭირდება ქვეყანას, არც მასწავლებელი და არც ის (არ ვიცი უკვე მერამდენეა) მინისტრი, რომელიც ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს და ამას მგონი ვერც კი ხვდება.
ხო, ცალკე საკითხია ბაღების პრობლემა, სადაც, მასწავლებელ-აღმზრდელებს რეალურად ჯოჯოხეთური შრომა უწევთ და პასუხისმგებლობაც არანაკლები (უფრო მეტიც) აკისრიათ. ხოლო ხელფასები, სკოლის მასწავლებლებთან შედარებითაც კი, - სასაცილოდ დამამცირებელი აქვთ და, მათდა სამწუხაროდ, რეპეტიტორებადაც არავის სჭირდებათ. პატივისცემით “ - გრინ ბარეტი.