იდეალური წასვლა ვერ არის, ბოლოს შენს ამომრჩევლებს იმის გარკვევაც რომ უჭირთ, შენით წახვედი თუ გაგაგდეს - იაგო ხვიჩია ნიკა მელიაზე
მელიას წასვლა არ იყო ყველაზე წარმატებული წასვლა ერთი გუნდიდან სადმე სხვაგან საასპარეზოდ - იდეალური წასვლა ვერ არის ბოლოს შენს ამომრჩევლებს იმის გარკვევაც რომ უჭირთ, შენით წახვედი თუ გაგაგდეს, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლამ ჯერ კიდე ბევრი კითხვა დატოვა. ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ეს პროცესი არ უნდა გახდეს ოპოზიციური ხმების დაკარგვის საფუძველი.
„ჩემი აზრით, ნიკა მელიას ჰქონდა შანსი, „ნაცმოძრაობაში“ ყოფილიყო წარმატებული თავმჯდომარე, მაგრამ ეს შანსი არ იქნა გამოყენებული. წასვლა, როდესაც 9 თვის განმავლობაში მიდიხარ და თან ვერ მიდიხარ, იდეალური წასვლაც ვერ არის თავისი შინაარსით და ბოლოს შენს ამომრჩევლებს იმის გარკვევაც რომ უჭირთ, შენით წახვედი თუ გაგაგდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიამ თქვა წამოვედიო, არ თქმულა, რატომ, საით, მიზანი რა იქნება მომავალში, ამიტომ, მე მგონი, ბევრი რამე არ არის ჯერჯერობით ცხადი. თუმცა ერთი რამეა ცხადი, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ახლა „ნაცმოძრაობიდან“ წამოვიდა, არის ნამდვილად გულწრფელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. ოპოზიციონერი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა „ქართულ ოცნებას“ და ახლა ძალიან უცნაური არგუმენტით წამოვიდა „ნაცმოძრაობიდან“, რომ პარტიის ე.წ. "ვერხუშკა" ვერ უზრუნველყოფს გამარჯვებას და ზოგიერთი ადამიანის ბრალდებებს რომ ვუსმენდი, მათ აქვთ ეჭვი, რომ საერთოდ „ქოცები“ არიან „ნაცების“ "ვერხუშკაში" და ამიტომ მოდიან. მე მგონია, ეს პოლიტიკოსები, რომლებიც ამ არგუმენტით მოდიან, ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, სხვა პოლიტიკური ძალებისთვის. მე მგონია, რომ ამ ხალხმა უნდა სცადოს ახალი პოლიტიკური ცხოვრების დაწყება. ზოგადად, მგონია, რომ ნიკა მელიას გასვლა არ უნდა იყოს იმისთვის გამოყენებული, რომ ოპოზიციამ დაკარგოს ხმები, საბოლოო ჯამში“, - განაცხადა ხვიჩიამ.