"ყოველთვის ვგმობ ნებისმიერ ფორმით ქალთა მიმართ ძალადობას" - სალომე ზურაბიშვილი ბაბი კირკიტაძის პოსტზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომღერალ ბაბი კირკიტაძის მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს.
"კიდევ ერთხელ და ყოველთვის ვგმობ ნებისმიერ ფორმით ქალთა მიმართ ძალადობასა და ღირსების შელახვას!" - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და აზიარებს ბაბი კირკიტაძის პოსტს, რომელშიც ის მის მიმართ გავრცელებულ ღირსების შემლახავ ვიდეოფაბრიკაციაზე წერს.
მომღერალი აცხადებს, რომ გაავრცელეს პორნოშინაარსის ვიდეომონტაჟი მისი გამოსახულებით.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს.
პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ ..!!!
ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ.
მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხება, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს !" - დაწერა ბაბი კირკიტაძემ.
ბაბი კირკიტაძე მის მიერ გავრცელებული პოსტის შემდეგ საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხად დაიბარეს.