შვეიცარიაში ჰომოსექსუალ მამაკაცებს ნარკოტიკებით ათრობენ და ძარცვავენ
შვეიცარიაში კრიმინალური თაღლითობის ახალი ფორმა გავრცელდა, რომელიც ჰომოსექსუალი მამაკაცების მოტყუებაზეა გათვლილი. დამნაშავეები, ინტიმური ურთიერთობის საფარქვეშ, მსხვერპლს ნარკოტიკებით ათრობენ, რის შემდეგაც აწამებენ და ძარცვავენ.
რამდენიმე ასეთი შემთხვევა, შვეიცარიის გარდა, მის მეზობელ ქვეყნებშიც დაფიქსირდა.
დანაშაულის ამ ახალი ფორმის შესახებ ინფორმაცია ვოს კანტონის პოლიციამ პარასკევს, 8 დეკემბერს გაავრცელა. როგორც ირკვევა, კრიმინალები მსხვერპლს ინტერნეტ-გაცნობის პლატფორმებზე ყალბი პროფილების გამოყენებით იტყუებენ.
კონტაქტის დამყარების შემდეგ, ისინი მსხვერპლთან, მისივე სახლში, ფასიანი მასაჟის ან სხვა მომსახურების მიღებაზე თანხმდებიან. შეხვედრის დროს, მსხვერპლს, ინფორმირების გარეშე, ნარკოტიკებით აბრუებენ, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაში მყოფ ადამიანს თავს ესხმიან და ძარცვავენ.
2021 წლიდან მოყოლებული, შვეიცარიაში 11 საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა, რომლებიც სინთეტიკური ნარკოტიკების გამოყენებით იყო ჩადენილი და ზემოთ აღწერილ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოიხატებოდა. მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ბერნის, ბაზელის, ჟენევის, ვოს, ცუგისა და ციურიხის კანტონებში.
27 და 41 წლის ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც რუმინეთის მოქალაქეები არიან, საზღვარგარეთ დააკავეს. სხვა ეჭვმიტანილებს გამომძიებლები სხვადასხვა კანტონში ეძებენ.
გასულ კვირას, ადგილობრივმა (კანტონების დონეზე) პოლიციამ, ფედერალური პოლიციის ოფისის მხარდაჭერით, საგამოძიებო ინფორმაციის კოორდინაციისა და გაცვლის მიზნით, ლოზანაში ოპერატიული შეხვედრა გამართა.