რას ფიქრობენ მოქალაქეები ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა - კერძოდ, 79% ამბობს, რომ მისაღებია გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. 11% ამბობს, რომ მიუღებელია, ხოლო 9%-მა არ იცის.
ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი - ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.
რაც შეეხება NATO-ს მხარდაჭერას, მცირედი ვარდნის მიუხედავად, NATO-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია. 67% ამბობს, რომ მისაღებია საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, 18%-სთვის ეს მიუღებელია, ხოლო 14%-მა არ იცის.
ამასთან, უმრავლესობას სჯერა, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით.
კვლევაში ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება დაეხმარება.
კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანებას ასახელებს 29%, NATO-ში გაწევრიანებას - 20%. დანარჩენი პასუხები ასე ნაწილდება:
საქართველოს მიერ საკუთარი ძალებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება - 9%;
ძლიერი ლიდერი, რომელიც ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას - 9%;
საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება - 6%;
პრორუსული კურსის გატარება - 3%;
სხვა - 5%;
არცერთი - 4%;
არ ვიცი - 14%;
უარი პასუხზე - 1%.
კვლევაში გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. მოცემულ ღია კითხვაში, სადაც მოქალაქეებს არაუმეტეს სამი პასუხის არჩევა შეეძლოთ, პასუხები ასე ნაწილდება:
ევროკავშირი - 60%;
აშშ - 38%;
რუსეთი - 20%;
NATO - 17%;
თურქეთი - 13%;
აზერბაიჯანი - 10%;
სომხეთი - 4%;
სხვა - 11%;
არ ვიცი - 14%;
უარი პასუხზე - 1%.
რაც შეეხება ეკონომიკურ პარტნიორობას, უმრავლესობა აქაც ევროკავშირსა და აშშ-ს ასახლებეს. ევროკავშირთან ეკონომიკურ პარტნიორობას ყველაზე დიდი მხარდაჭერა თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი - ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში აქვს.
მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს. ექსკლუზიურად პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი თბილისის მცხოვრებლებსა და ახალგაზრდებშია, ხოლო ყველაზე დაბალი - ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.
კვლევის თანახმად, ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმეტესობა ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობაც უნდა შევინარჩუნოთ - ამ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების თითქმის 40 პროცენტი იზიარებს. რაც შეეხება ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს, ამას ყველაზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან.
რაც შეეხება კითხვას, რას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, მოსახლეობის აზრით, ეს არის რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა. ამ ნაწილში შედეგები ასე გადანაწილდა:
რუსული სამხედრო აგრესია - 27%;
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია - 13%;
რუსული პროპაგანდა - 11%;
ტერორიზმი - 5%;
საქართველოში არალეგალური მიგრანტების ჩამოსვლა - 4%;
ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე - 3%;
სხვა - 18%;
არცერთი - 2%;
არ ვიცი - 16%;
უარი პასუხზე - 1%.
კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.