თეგებით ძიება

გაკვეთილები პანტა-პუნტით ცდება... სკოლაში შემცვლელი მასწავლებელი არ არის - ზურაბ ვახანია

რამდენიმე დღის წინ ქართულ ინტერნეტ თუ ბეჭდურ სივრცეში “გრინ ბარეტის” ფსევდონიმით ცნობილი ჟურნალისტისა და პოეტის ფეისბუქ-პოსტი გავრცელდა, სადაც მასწავლებლების გაზრდილ ხელფასებზე და განათლების სისტემაში შექმნილ მდგომარეობაზე იყო საუბარი. „თითისტოლა ბავშვები თუ პირველი კლასიდან უმაღლესის კარამდე აუცილებლად ყველა საგანში მაინც რეპეტიტორებთან უნდა ატარო, (თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ერთი სკოლის მასწავლებელი, როგორც წესი, მეორე სკოლის მოსწავლეების რეპეტიტორია და – პირიქით) მაშ ეს რეპეტიტორი, იქ, სადაც მასწავლებლობისთვის იღებს ხელფასს, – რით არის დაკავებული, – იცით ვინმემ?!! ეს ამდენი საჯარო სკოლა, თავისი ინფრასტრუქტურითა და მანდატურ-მასწავლებლებით, რისთვისაა საჭირო ხოვერმეტყვით?!“ - ვკითხულობთ ფეისბუქ-პოსტში, რომელმაც ათი ათასამდე მოწონება და კომენტარი დააგროვა. სწორედ ამ კითხვებით TIA.GE -მ პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორს და განათლების ესპერტს, ზურაბ ვახანიას მიმართა.

- ხელფასების მომატება მოსწავლეთა შედეგებზე, მით უმეტეს, გრძელვადიან პერსპექტივაში არ აისახება, თუმცა მასწავლებელთა ნაწილი არათუ ხელფასის მომატებას, სკოლაში ყოფნას არ იმსახურებს.

ჩვენ ისეთ მდგომარეობამდე მივედით, რომ საერთაშორისო ტესტირებებზე ჩვენს წინ არიან სახელმწიფოები, სადაც მასწავლებლის საშუალო ხელფასი ჩვენზე დაბალია. მასწავლებლის ხელფასის მომატება აუცილებელია, მაგრამ ეს სხვანაირად უნდა მოხდეს და პირველ რიგში, დამრიგებელს უნდა შეეხოს. დამრიგებელს ნამდვილად მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რომ ამ საქმეს არამასწავლებებლებმაც მოკიდონ  ხელი და  ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდეს. 

- მასწავლებელი დამრიგებლები საქმეს თავს ვერ ართმევენ?

- მასწავლებელს იმხელა დატვირთვა აქვს, რომ თავისი სადამრიგებლო კლასისთვის არ სცალია. ნუ იქნება მასწავლებელი, გამოჩნდება ხალხი, რომელსაც სასწავლო საათები არ ექნება. თუმცა, იმის მიხედვით, ვის რა სპეციალობა აქვს, შეიძლება შემცვლელ მასწავლებლებად იმუშაონ. 

-  სკოლას შემცვლელი მასწავლებლები არ ჰყავს?

- დღევანდელი გრიპების პერიოდში, საკმარისია მასწავლებელი ავად გახდეს  ან შვილი ავად გაუხდეს, რომ გაკვეთილი ცდება - შემცვლელი მასწავლებელი არ არის. პანდემიის მერე ისედაც საშინელი ჩამორჩენაა და გაძლიერებული სწავლების ნაცვლად,  გაკვეთილები პანტა-პუნტით ცდება. ასე რომ, შემცვლელი მასწავლებლის პრობლემა ბევრ სკოლაშია. მასწავლებელს რომ კვირაში 25  საათი აქვს, ის კოლეგას როგორ შეცვლის? ამისთვის სად სცალია? კიდევ სხვა პრობლემაა, რომ  ზოგ საგანში ვაკანსიები არის და მასწავლებლები არა. ამ დროს რა კვალიფიკაციაზე შეიძლება ვისაუბროთ? კვალიფიციური მასწავებლის სიმცირეა მათემატიკაში, ფიზიკაში, სპორტში და კიდევ ბევრ საგანში. 

- თუ მასწავლებელთა რაოდენობა ახლაც არ გვყოფნის, კლასების შემცირების შეთხვევაში ხომ გაცილებით მეტი მასწავლებელი დაგვჭირდება?

- ერთი ღონისძიება არაფრის  მომცემია როდესაც ასეთ ღრმა უფსკრულში ვართ. ამ დროს კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო. მასწავლებელს სკოლაში ყოფნა უნდა სიამოვნებდეს, რომ ახალგაზრდები მივიზიდოთ, ამიტომ როცა საუბარია ხელფასის მატებაზე, მნიშვნელოვანია, ეს მატება შრომის პირობების გაუმჯობესებაზე აისახოს. დღეს ძალიან ძნელია სკოლაში მუშაობა. ხშირად მასწავლებელი საკლასო ოთახში დატანჯული და გაღიზიანებული შედის.

- იქნებ დაგვიკონკრეტოთ რა ტანჯავს და აღიზიანებს?

- მასწავლებლები დატანჯულები არიან უვარგისი სახელმძღვანელოებით, რომლებითაც სწავლება შეუძლებელია და ბიუროკრატიული ნაწილით, რომლის შემცირება მოხდა, მაგრამ არასაკმარისად. როდესაც მასწავლებელი სასიამოვნო გარემოში, ხარისხიანი სახელმძღვანელოებით მუშაობს და კლასში ნაკლები მოსწავლე ჰყავს, ეს შედეგებზეც აისახება. 

- გამოცდების შესაძლო აღდგენაზე რა აზრის ხართ?

- არ ვიცი გამოცდების გაუქმებას შეცდომა ვუწოდო თუ დანაშაული, რადგან ამის მთავარი მოტივი იყო ფულის გადამხდელი აბიტურიენტი ხელიდან არ გაეშვათ და ასეთი მავნებლობა ჩაიდინეს. სახელმწიფო გამოცდები უნდა აღდგეს და უფრო სისტემური, უფრო რეგულარული გახდეს. მე- 6 და მე-9 კლასის მერე და საატესტატო გნებავთ გამოცდა, გნებავთ ტესტირება აუცილებელია. სამინისტრო ამბობს, რომ ამის გაკეთებას გეგმავს და ვნახოთ რას იზამენ.

- თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს განათლების ხარისხის ასამაღლებლად?

- პირველი, რაც უნდა გაკეთდეს კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებაა. ამაზე მიდის საუბრები, მაგრამ დღევანდელი ბავშვების პირობებში კლასში 30 ბავშვიც კი ბევრია. რა თქმა უნდა, მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება სწავლის ხარისხზეც აისახება და მასწავლებლის შრომაც ბევრად უფრო სასიამოვნო გახდება. როდესაც ამბობენ, რაში ვუხდით მასწავლებელს ხელფასს, თუ ყველა ბავშვი რეპეტიტორთან დადისო, ეს უფრო მეტად სისტემის ბრალია, ვიდრე მასწავლებლის, რომელზეც არც  ისე ბევრია დამოკიდებული. როცა კლასში 30 და 32 დღევანდელ ბავშვს დაგისვამენ, სწავლაზე ლაპარაკი ზედმეტია.

- თქვენი აზრით, რატომ არ აუქმებს სამინისტრო მე-12 კლასს, როცა მეთორმეტეკლასელები სკოლაში არ დადიან?

- არც მერვე კლასში დადიან, მაშინ მერვე კლასიც და საერთოდ, სკოლაც გავაუქმოთ. მეთორმეტე კლასში იმიტომ არ დადიან, რომ აზრი არ აქვს, ბევრ ისეთ საკითხს ასწავლიან, რომელიც მისაღები გამოცდის პროგრამაშიც კი არ არის და რად უნდათ? ამის მთავარი ამიზეზია, რომ სასკოლო  და უმაღლესი განათლება ერთმანეთისგან გათიშულია. ასე რომ, მეთორმეტე კლასი არ უნდა გავაუქმოთ, აზრი უნდა მივცეთ. სამინისტროს ამ მიმართულებითაც  კარგი სიახლეები აქვს დაგეგმილი. მაგალითად ის, რომ საატესტატო გამოცდების შედეგები ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება.. მისაღები გამოცდების ქულები ოთხი კომპონენტით დაგროვდება და მათ შორის ყველაზე დიდი წილი საატესტატო გამოცდებს ექნება. მოკლედ რომ ვთქვათ, საატესტატო გამოცდები აღდგება და ეროვნულ გამოცდებზე გათვალისწინებული იქნება სასკოლო შეფასებები ანუ რა ქულებს იღებდა ბავშვი სკოლაში. ასევე, გათვალისწინებული იქნება ბავშვის მიღწევები (ოლიმპიადებში და გამოფენებში მონაწილეობა და ა.შ) გარდა ამისა, უნივერსიტეტები კიდევ ერთ გამოცდას ფაკულტეტის პროფილი გათვალისწინებით დაუმატებენ.  წელს რა თქმა უნდა ეს არ მოესწრება, მაგრამ ღმერთმა ქნას, რომ პროცესები გაისისთვის მაინც დაიწყოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა