სამარცხვინოა გიორგი გახარიას განცხადებები, ეს კაცი არის ისტერიკაში - კობახიძე გახარიაზე
სამარცხვინოა გიორგი გახარიას განცხადებები, ეს კაცი არის ისტერიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ ვინც იმყოფება, ყველა ქურდია და შალვა პაპუაშვილზე განაცხადა, რომ გამოდის და რაღაცას მიედ-მოედება. რას უპასუხებდით, როდესაც კორუფციასა და ქურდობაში გდებთ ბრალს ყოფილი პრემიერ-მინისტრი?“.
„ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გახარიამ აღიარა, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკა მისი პრემიერობის დროს, 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი. ამ წლის ბოლოსთვის გახდა 30 მილიარდი დოლარი. ამ სამ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 14 მილიარდი დოლარით. გახარია, ე.წ. ეკონომისტი აცხადებს, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 ოჯახის ჯიბეებში. როგორც ვიცი, დაასახელა გვარები და მეც მომიხსენია. 25 ოჯახის ჯიბეში თუ წავიდა, ერთი ოცდამეხუთედი სულ მცირე მეკუთვნის, ხომ? სულ მცირე თანაბრად უნდა განაწილებულიყო და სად არის ჩემი 600 მილიონი დოლარი, არ ვიცი. გახარიას შეიძლება, ვკითხოთ და აღმოაჩინოს, სად არის. მისი განცხადებები არასერიოზულია. მან ის მაინც უნდა იცოდეს, რომ აქედან დაახლოებით მეოთხედი მარტო ბიუჯეტში მიდის. ანუ ეს არის ბიუჯეტის თანაფარდობა ეკონომიკასთან, დანარჩენი ნაწილდება უამრავ სექტორში, როგორიცაა სასტუმროები, რესტორნები, წარმოება და ა.შ. რაც იშლება შემდეგ, ეს აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე და ა.შ. როცა ამბობს 20-25 კაცის ჯიბის გასქელებაზე, ელემენტარულად, პატივს არ სცემს საკუთარ ღირსებას, როგორც ეკონომისტის. სამარცხვინოა უბრალოდ მისი განცხადებები. ეს აჩვენებს ისტერიკას. ეს კაცი არის ისტერიკაში, ამიტომ ავრცელებს სიცრუეს და უზრდელობს, მაგალითად, შალვა პაპუაშვილის მიმართ. პაპუაშვილზე გახარიას განცხადებას რაც შეეხება, ის ჩვეულებრივად უზრდელია, მაგაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არ ვიცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.