„ციხეში, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული პროდუქტით დამზადებული საკვები - რაც აქ ხდება, საშინელებაა“ - ლაზარე გრიგორიადისი
„[ციხეში] დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული პროდუქტით დამზადებული საკვები, მარხულობ, არ მარხულობ, გწამს, არ გწამს, არ აინტერესებთ, მრავალფეროვნება არ გექნება, რადგან პატიმრების უმეტესობა ქრისტიანია“, – ასე აფასებს 21 წლის ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას.
გრიგორიადისი საპატიმროში არსებულ სიტუაციაზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბრობს და ამბობს, რომ რაც საპატიმროში ხდება საშინელებაა:
„საშინელებაა, რაც აქ ხდება, სრული უპასუხისმგებლობა, კადრების ნაკლებობაც არის, დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული პროდუქტით დამზადებული საკვები, გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული…
მაღაზიის მომსახურებაც ნაგავია, როგორ მოიგო ტენდერი შპს „ექსპრეს ქსელმა“, ვერ ვხვდები. ორი დღე ერთი და იგივე საკვებია, ოთხშაბათი, პარასკევი, რადგან არიან პატიმრები, რომლებიც მარხულობენ. მარხულობ, არ მარხულობ, გწამს, არ გწამს, არ აინტერესებთ. მრავალფეროვნება არ გექნება, რადგან პატიმრების უმეტესობა ქრისტიანია.
არაფერია, რითაც შეიძლება პატიმრებმა ივარჯიშონ, სასეირნოდ ჯერ მოხდილ საკანში შედიხარ, სადაც ნორმალურად ვერ ირბენ, მაგიდა საკანში იმდენად უცნაური ზომისაა, დიდი ხანი თუ გიწევს წერა, ხატვა, ან რამე მაგდაგვარი, სკამიდან განადგურებული დგები, ხერხემლის პრობლემები გაგიჩნდება მაგიდასთან თუ მუშაობ. დაჟანგებულია თითქმის ყველაფერი, საკნის კარების გარდა.
„სუპში“ მინახავს გაყავისფრებული, დამპალი მწვანილი, კატლეტში მინახავს ბუსუსები, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის მწვანე ნაგლეჯი ამოვიღე ერთხელ, წიწიბურას კეფირი მოვასხი და კეფირი გაყავისფრდა, ალბათ, იმიტომ რომ, გაურეცხავად, პირდაპირ ყრიან და ხარშავენ წიწიბურას. მოუხარშავი კარტოფილი შემხვედრია სუპში, ამ საკვებს იღებს ყველა ის პატიმარი, ვისაც საშუალება არ აქვს, რომ მაღაზიის საკვები იყიდოს.
არაჰიგიენურად მზადდება ყველაფერი, მოკლედ რომ ვთქვა. დღეს, მაგალითად, პირველად გადავწყვიტე, კომპოტი გამესინჯა, არ ვიცი, ეს რა იყო, კომპოტს რატომ ეძახიან, ვერც ამას ვხვდები, ჩაის კი ჩაის ფერი არ აქვს და „მანი ქაშის“ გემო აქვს ხოლმე. სოსისი, რომ შემოვედი, მაშინ კარგი იყო, ახლა შეცვალეს, გემოს აღწერა მიჭირს, იმდენად ცუდია, ბევრად იაფი ჯდება ეს ალბათ, ახლა რითაც შეცვალეს.
მაღაზიას რაც შეეხება, რის გამოც ვშიმშილობ და ხელს „ვიჩეხავ“, თავიდანვე შევამჩნიე რაღაც ხარვეზები მაღაზიის მუშაობაში. რადიო ვიყიდე, 3 კვირა ელემენტები ვერ ვიყიდე, ბოლოს კამერა დავწვი, შემოიტანეს ელემენტები, სიაში ერთს ვწერდი, მეორე მოჰქონდათ, რანაირად შეიძლება თეთრი შოკოლადი შავში აგერიოს, აი, ასეთი პრიმიტიული შეცდომებით მოსულა შეკვეთა, ერთი-ორი თვის წინანდელ ამბავს გიყვებით.
ყვირილს ასე თუ მივეჩვეოდი, არ მეგონა, ყველაფერზე „ვჭედავ“, ამ ბოლო ხანებში, აღარ ვიკავებ ბრაზს. ახლა ბოლოს, ახალი საყვედური მივიღე შეურაცხყოფის მიყენებაზე, ერთი კვირა რასაც ვწერდი, არაფერი ამოდიოდა, ვრჩებოდი მშიერი. ბოლოს, ხელსახოცი, კეტჩუპი და სოსისი დავწერე, ხელსახოცი ამოვიდა, სოსისი არა. მოკლედ, აბსურდია, რაც აქ ხდება.
რანაირად შეიძლება ასეთმა კომპანიამ ტენდერი მოიგოს, ვერ ვიგებ. თავის ელემენტარულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სასაქონლე ბაზაში რაც უწერია, ის ვერ მოაქვს მაღაზიამდე. დისტრიბუციის ბრალია, თუ მაღაზიის, არ ვიცი, თან პასუხისმგებელიც არავინ არის, შენ თუ მშიერი რჩები.
ახლა ეს სტრატეგია მაქვს, ვწერ სიას, ყველა თუ ამოვა იქიდან, ერთ პროდუქტს დავიტოვებ და შევჭამ, დანარჩენს სხვა საკანში ვაწვდი სხვას. (ძალიან იშვიათია, რომ პროდუქტების დაწერილი სიიდან ყველაფერი ამოვიდეს)“, – აცხადებს გრიგორიადისი.
ის წერილში, ასევე, საუბრობს მამასთან მის ურთიერთობაზეც.
„ჩემი მეგობრები მივიდნენ მამაჩემთან და სთხოვეს დოკუმენტები, „დალაგება“, რომ მე ის არ მიჩიოდა. მამაჩემი დასთანხმდა, ეს დოკუმენტები კი დაერთო საქმეს. მაშინ გირაოთი გამათავისუფლეს, მაგრამ ამ მოსამართლემ არაფერი გაითვალისწინა. დიდი ალბათობით იმიტომ, რომ მეორე საქმეზე პატიმრობის ვადა გამდიოდა.
არავის არაფერს ვავალდებულებ, მამაჩემის დაჭრის შემდეგ, მასთან მე ურთიერთობა აღარ მქონია, დამოკიდებულება კი არ შემცვლია იმის და მიუხედავად, რომ სასიამოვნოა, როცა შენი თავისუფლებისთვის ვიღაც იბრძვის, ეგ იმ რეალობას არ ცვლის, რაც ურთიერთობაში გვქონდა, მე თუ ხელს ვინმეს ვკიდებ, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც მეორე მხარე იწყებს აგრესიას და ცდილობს, ფიზიკურად გამისწორდეს.
არ მაქვს და არასდროს მექნება იმის მოთხოვნილება, ვინმე დავჩაგრო, ეგო ამით დავიკმაყოფილო. მამაჩემის ჩვენება წავიკითხე, როგორც კი დამაპატიმრეს, „მე ანგელოზი ვარო“, ეწერა ჩვენებაში. მაინც ვერ არის გულახდილი ბოლომდე…
მე ვმუშაობ ახლა ჩემს თავზე. რომ გამოვალ, იმავეს ვაპირებ და ირგვლივ პროგრესული ადამიანები მინდა მყავდეს, რომლებიც თავის თავს არ მოატყუებენ, განვითარებაზე იქნებიან კონცენტრირებულები…
ისედაც ტოქსიკურობის ზედოზირება მაქვს გარედან შემოყოლილი, 1 წლის განმავლობაში, იმდენი მივიღე. ასე რომ, აღარ მინდა, დრო უაზრო კონფლიქტებს დავუთმო ან ისეთ ადამიანებს, რომლებიც უაზრო კონფლიქტებში გითრევენ და თავს წმინდანებად ასაღებენ“. – აცხადებს გრიგორიადისი.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს სასამართლო განაჩენს რამდენიმე დღეში გამოუტანს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.