თეგებით ძიება

თავზე საყრელი ფული გვაქვს, რომ ყოველ წელს 2-3 მილიონს არ ვიხდიდეთ ნაძვის ხეში? - ალეკო ელისაშვილი

ვთხოვოთ ბიძინა ივანიშვილს, რაჭიდან რიყეზე ერთი კავკასიური სოჭი გადმოგვირგოს და მოვრთოთ ხოლმე - ცოცხალი ნაძვის ხე გვექნება, რომელშიც ფულს აღარ გადავიხდით - თავზე საყრელი ფული გვაქვს, რომ ყოველ წელს 2-3 მილიონს არ ვიხდიდეთ ნაძვის ხეში? - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„თუ რამე იცის ბიძინა ივანიშვილმა ეს არის ხეების გადატან-გადმოტანა აქეთ-იქით. მე პირადად სულაც არ მაღიზიანებს მისი ეს ჰობი. მდიდარი კაცია და უცნაური რაღაცებით ერთობა. მეტსაც ვიტყვი, შეკვეთილის პარკი არის არაჩვეულებრივი და სულაც არ მაღიზიანებს ბაობაბები რომ მოაქვს აფრიკიდან. კარგად იცის ეს საქმე.

რაჭაში იზრდება არაჩვეულებრივი კავკასიური სოჭი, ულამაზესი, თან რამდენიმე ათეული მეტრია სიმაღლეში. ერთი ხე გადმოვრგოთ, ოღონდ არა პარლამენტის წინ, არამედ გადმოვრგოთ ცოცხალი ნაძვის ხე აქ, რიყეზე, სადაც სივრცეც არის, მასთან მოხვედრა არ არის რთული, ბავშვებიც ისიამოვნებენ, გაერთობიან და ერთმანეთზე არ იქნებიან შემჯდრები, როგორც აქ არის პარლამენტის წინ საღამოობით. ცოცხალი ნამდვილი ნაძვის ხე გვექნება, რომელშიც ფულს აღარ გადავიხდით ხოლმე და მოვრთოთ ეს ცოცხალი ნაძვის ხე ყოველ წელს. რა უნდა ამას? თავზე საყრელი ფული გვაქვს, მეტი პრობლემა არ არის მოსაგვარებელი ამ ქალაქში, რომ ყოველ წელს 2-3 მილიონს არ ვიხდიდეთ ნაძვის ხეში? ეს არის გაუგებრობა, ეს არის აღმაშფოთებელი. რა უნდა ამის მოფიქრებას? აგერ, ვთხოვოთ ბიძინა ივანიშვილს, გადმოგვირგოს რაჭიდან ერთი კავკასიური სოჭი რიყეზე და ქალაქიც დაისვენებს და ჩვენი ჯიბეებიც. თუ არ იცის კალაძემ რაში უნდა დავხარჯოთ ფული, მე ვეტყვი ის 2 მილიონი წლიდან წლამდე რას შეიძლება მოხმარდეს,“ - განაცხადა ელისაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა