აუცილებელია სკოლებში დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება - გიორგი ამილახვარი
აუცილებელია სკოლებში დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ერთი მხრივ მასწავლებელმა იცოდეს, რა შედეგებზე გადის ის. ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის, სკოლის ხელმძღვანელობისთვის და რაც მთავარია ეს მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროსთვის, სისტემისთვისა და ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკვე აქტიურად გვაქვს დაწყებული ეს პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ მე-6 და მე-9 კლასში ჩვენ გვინდა შემოვიღოთ ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომელიც სისტემას მისცემს ნათელ სურათს, თუ როგორ ვითარება, რა დახვეწა და გაუმჯობესება სჭირდება. მე-12 კლასში უკვე უნდა იყოს განმსაზღვრელი შეფასება, რასაც ჩვენ ვეძახით ბავშვის ტრანზიცია სკოლიდან უმაღლეს თუ პროფესიულ განათლებაში. ესეც იქნება მოაზრებული ცვლილება და ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ სრულიად ახალ, საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის პროცესს“, - აღნიშნა ამილახვარმა.