დაახლოებით 1000 სკოლაში დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება - განათლების მინისტრი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, საჯარო სკოლებში დირექტორების დასანიშნად კანონით მინიჭებული დისკრეციის უფლების გამოყენებას არ აპირებს.
როგორც მან ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას აღნიშნა, დისკრეციის უფლებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, 1000-მდე სკოლაში დირექტორების ასარჩევად კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
„840 სკოლაში სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს სკოლის დირექტორები, სამინისტროს და მინისტრის ჩაურევლად. დარჩენილ, დაახლოებით 1000 სკოლაში ჩვენ კვლავ გვაქვს კონკურსები გამოსაცხადებელი. სულ გვაკრიტიკებენ, რატომ არ მოხდა კანდიდატების წარმოდგენა, არ მოხდა იმიტომ, რომ ფიზიკურად კონკურსში არ იღებდა ამდენი კანდიდატი მონაწილეობას. უახლოეს მომავალში, სრულიად სამართლიანი, გამჭვირვალე კონკურსი გამოცხადება იმ დარჩენილ სოლებში, სადაც შერჩევა ვერ მოხდა. ყველას მივცემთ შესაძლებლობას, რომ შემოვიდეს კონკურსში და უზრუნველვყოთ, რომ სკოლებში არჩევნები იყოს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი. კანონით მონიჭებული მაქვს უფლება, შემიძლია ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ადგილას დავნიშნო. ამას ჩვენ მიზანმიმართულად, შეგნებით არ ვიყენებთ, ვინაიდან არ გვინდა ჩვენი გემოვნება, შეხედულება სკოლებს თავს მოვახვიოთ. გვინდა თავად სკოლებმა გადაწყვიტონ, ვინ არიან მათი დირექტორები. ეს გამოყენებული იქნება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. უახლოეს მომავალში, გაიხსნება ეს კონკურსი და 2-3 თვეში ყველა სკოლაში მივიღებთ ახალ ლიდერებს, დირექტორებს“, - განაცხადა ამილახვარმა.