რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ თბილისში - დეტალურად
„თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება. მთავარი ნაძვის ხე აინთება 15 დეკემბერს, 20:00 საათზე და მთელ ქალაქში ჩაირთვება საახალწლო ილუმინაციები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 16 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი. სოფელი განთავსდება ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში, სადაც პატარებს ასევე დახვდებათ თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონები.
„ამავე პერიოდში, საახალწლო სოფელში მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, „ცხელი სასმელების ბარი“, „საშობაო ბაზარი“, „საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, საციგურაო ყინულის მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ.
საახალწლო სოფელში დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს.
მთლიანობაში, 23 ჯადოსნური, მხიარული, ახალი წლის ემოციებით სავსე საღამო გველოდება. გიწვევთ ოჯახებით, მეგობრებით, სტუმრებით 15 და 16 დეკემბერს, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, ასევე საახალწლო სოფლის გახსნაზე“, -აღნიშნა მერმა.