თეგებით ძიება

„უკვე ძალიან უჭირს; მინდა, რომ მყავდეს ცოცხალი…“ - ეკა მამალაძე ნანი ბრეგვაძეზე

მომღერალი ეკა მამალაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დედის, ნანი ბრეგვაძის შესახებ საუბრობს და საკუთარი ცხოვრების გარკვეულ დეტალებს იხსენებს:

 

„ნანი, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც განსაკუთრებულია. სულ მგონია, რომ პატარა ვარ, იმიტომ, რომ დედა მყავს. დედაჩემი საჭირო დროს ყოველთვის ჩემ გვერდზე იყო. არ მახსოვს, ნანი თბილისში ყოფილიყო და კრებაზე არ მოსულიყო. ნანის ფრაზები დღემდე მომყვება. ეს არის მშობლის სკოლა, მიგებს, მაგრამ ყოველთვის საპირისპირო მოვლენასაც ამართლებს, მეუბნება: „აბა, დაუკვირდი, ნუ გაბრაზდები.“

 

ძალიან ადრე გავთხოვდი, 17 წლის ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, 17 წლის ჩემი შვილი რომ გათხოვილიყო, ალბათ, გული გამისკდებოდა.  დედაჩემი ჩემს პირად ცხოვრებაში არ ჩარეულა. ნანი ყველა დროში სხვადასხვანაირია. ძალიან თანამედროვეა, ძალიან კარგად აზროვნებს.

 

სახლში ხომ შეიძლება, ვიღაცებს ლანძღავდნენ. მაგალითად, კოლეგებს და დედაც აგყვეს. ეს ჩემს ოჯახში არასოდეს ყოფილა. ძალიან მიხარია და დიდი მადლობა, რომ ეს ურთიერთობაც და ეს საშუალებაც მაქვს, რომ შემიძლია, 61 წლის ასაკში ჯერ კიდევ პატარა ვიყო და ვიღაცამ რაღაც მასწავლოს. ყოველი დღით ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ნანი მყავს.

 

ერთხელ მითხრა, რომ რაც უნდა სერიოზული და მნიშვნელოვანი ამბავი იყოს, მე მითხარი, მე ვიქნები შენი მესაიდუმლე, რომელიც არსად დაგხვდებაო. ნანისთან ცხოვრება და ურთიერთობა ძალიან ადვილია იმიტომ, რომ არასდროს გერევა არაფერში და ყველაფრით აღფრთოვანებულია. პატარა ბავშვივით ხან კაფეში წავიყვან, ხან სხვაგან. მერე მეუბნება: „მადლობა, რომ ქალაქში გამომიყვანე.“

 

უკვე ძალიან უჭირს და მეუბნება, რომ არ დავაძალო. მაგრამ, ყველასგან იმდენ სითბოს, ისეთ ძალას იღებს… მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ძალიან მიყვარს, მაგრამ მე გრძნობების გამოხატვა არ მიყვარს. შეიძლება ისე გავიდეს დრო, რომ არ ვაკოცო. მინდა, იცოდეს, სულ მინდა, მოვეფერო, მაგრამ არ ვეფერები… მინდა, რომ მყავდეს ცოცხალი”, – ამბობს  ეკა მამალაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა