თეგებით ძიება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე მოადგილე-ნათია სონღულაშვილთან ერთად, „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ (OMCT) რეგიონალური პროგრამის ხელმძღვანელს მაშა ჩიჩენკოვასა და ბავშვის უფლებათა პროგრამის კოორდინატორს ლორა ოლმალეს შეხვდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, OMCT - არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო კოალიციაა, რომელიც წამებასა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან ბრძოლის მიზნით, 200 წევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს.

ინფორმაციის თანახმად, „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაცია“ (OMCT), წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) და გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის (CRC) თაობაზე შეხვედრებისთვის, ალტერნატიული ანგარიშების კოორდინაციას უზრუნველყოფს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები საერთაშორისო კოალიციის წევრებს 2023 წლის სექტემბერში, ქ. ბრიუსელში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შეფასების და შემდგომში გაეროს შესაბამის კომიტეტში წარდგენილი ანგარიშის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით იმყოფებიან.

კოკა კაციტაძემ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სამსახურის მანდატის ფარგლებში არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ასევე, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სამსახურის ინიციატივით განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები, რომელთა მიზანს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პრევენციული ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო სამართალდამცავების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების, ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და გამოძიების პროცესში მსხვერპლთა ჩართულობის საკითხებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ (OMCT) რეგიონალური პროგრამის წარმომადგენლებს სამსახურის საქმიანობით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა