ამომრჩევლებს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდებათ
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის საფუძველზეც ამომრჩევლებს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდებათ.
დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ავტორობით წარდგენილი ინიციატივა 79-ხმით მიიღეს.
კანონპროექტის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება როგორც ID-ბარათის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, ასევე, პირადობის არაელექტრონული - ე.წ. ლამინირებული მოწმობის გამოყენებით.
ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია “ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო პროექტი, რომლითაც 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული მოწმობები უქმდება.
როგორც უმრავლესობა განმარტავს, აღნიშნული ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებს არაელექტრონული მოწმობების ელექტრონული მოწმობებით - ID-ბარათებით შეცვლის დამატებითი მოტივაცია გაუჩნდებათ, რაც თავის მხრივ, არჩევნების სათანადოდ ჩატარებას შეუწყობს ხელს.