თეგებით ძიება
14. 12. 2023 მსოფლიო

მძევლების ოჯახები ახალი მოლაპარაკებების დაბლოკვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ბენიამინ ნეთანიაჰუსგან განმარტებებს ითხოვენ

ღაზაში დაკავებული ისრაელელი მძევლების ოჯახების წევრების განცხადებით, შოკირებული არიან გავრცელებული ინფორმაციით, რომ ომის კაბინეტმა გადაწყვიტა, ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს („მოსადი“) ხელმძღვანელი მძევლებთან დაკავშირებული ახალი მოლაპარაკებებისთვის კატარში არ გაეშვა.

მედიის ინფორმაციით, მძევლების ოჯახების წევრები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ომის კაბინეტი, რომელიც წარმართავს ოპერაციას „ჰამასის“ წინააღმდეგ, არ ეთანხმება იმ ძალისხმევის ხარისხს, რომელიც მძევლებთან დაკავშირებული შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებზე ხორციელდება და მიიღო გადაწყვეტილება, „მოსადის“ ხელმძღვანელი, დევიდ ბარნეა, რომელმაც გასულ თვეში მძევლებთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევას ხელი შეუწყო, კატარში არ გაეგზავნა.

„ოჯახები ითხოვენ დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას პრემიერ-მინისტრისგან და კაბინეტის წევრებისგან და მოლაპარაკებებში ჩიხიდან გამოსვლას“, - ნათქვამია მძევლებისა და დაკარგულების ოჯახების ფორუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღაზაში ამჟამად, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს აყვანილი 135 მძევალი იმყოფება. თავდაპირველად მძევლების რაოდენობა 240-ს აჭარბებდა. 100-ზე მეტი ადამიანი გასულ თვეში, დროებითი ზავის დროს გაათავისუფლეს, ოთხი - ნოემბრის ბოლოს, დროებითი ზავის მიღწევამდე, ერთი მძევალი ისრაელელმა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს. ასევე ნაპოვნია ოთხი მძევლის ცხედარი. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში მოქმედი ჯარების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 20 ადამიანის სიკვდილი დაადასტურა. მათი ცხედრები ჯერ კიდევ „ჰამასის“ ხელშია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა