ქალაქი იზრდება სიმაღლეში, გზები კი პირიქით ვიწროვდება.. სატვირთო ავტომობილები მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია საცობის - მევლუდ მელაძე კახა კალაძეს მიმართავს
თბილისის ადმინისტარციულ საზღვრებში საავტომობილო გზებზე დილის 08:00-დან 11 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათის შუალედში იკრძალება დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ტრანსპორტის საკითხების ექსპერტმა, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ განაცხადა, სატვირთო ავტომობილები მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია საცობის და მათი გადაადგილების შეზღუდვა, სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს.
„ქალაქი იზრდება სიმაღლეში, ისედაც მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ემატება მაღალსართულიანი კორპუსები, გზები კი პირიქით ვიწროვდება კერძო ავტომობილებისთვის. კარგია რომ ავტობუსები მრავლდება და ავტობუსების ზოლი არის, მაგრამ აქ უნდა იყოს ბალანსი.
რაც შეეხება დიდი გაბარიტების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვას, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ ძალიან მცირე და ვერ მოგვცემს სასურველ შედეგს. ალბათ ერთეულ ადგილებში იქნება მომენტი, რომ ეს რეგულაცია განმუხტავს საცობებს, მაგრამ მხოლოდ მცირედით.
ქალაქი როგორც არის ახლა მოწყობილი, წლების წინაც ვამბობდი რომ მიგვიყვანდა კოლაფსამდე, რაც თუნდაც გუშინაც მოხდა. ერთმა თუ ორმა მცირე საგზაო შემთხვევამ შეძლო მთელი ქალაქის პარალიზება, რაც არ არის სწორი, რადგან კონკრეტულ ერთ ადგილზე მომხდარი შემთხვევა არ უნდა ანგრევდეს და ყინავდეს მთელ ქალაქს.
ვფიქრობ, ვიწრო წრე არ უნდა მსჯელობდეს ქალაქის მოწყობაზე. მინდა გამოვიყენო თქვენი ეთერი და ვთხოვო ქალაქის მერს და იმ ჯგუფს ვინც მუშაობს ამ საკითხებზე, რომ სასწრაფოდ მოიწვიონ ყველა მიმართულების ექსპერტი და ერთი გლობალური გადახედვა მოხდეს თუ რა, სად, როგორ შეიძლება შეიცვალოს და ერთად ვიპოვოთ გასაღები, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქი,“-აღნიშნა მელაძემ.
შეგახსენებთ, იმასაც რომ გუშინ დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საცობები შეიქმნა. პარალიზებული იყი თითქმის მთელი საბურთალოს ტერიტორია. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, „საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა. 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს თბილისში პიკის საათში. წარმოგიდგენიათ? გუშინ ამას ავტოსაგზაო შემთხვევები დაემატა, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ".