თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ცოლზე ძალადობა, ნარკოდანაშაული და არასრულწლოვანი გერის მიმართ სექსუალური ძალადობა ბრალდება
ოჯახში ძალადობის ბრალდება - ახალგაზრდა ქალი "კურიერს" უყვება, რომ მეუღლე მასზე და მის არასრულწლოვან შვილებზე, წლების განმავლობაში, ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ქალი ამბობს, რომ პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი კაცი უკვე ფიზიკურად უსწორდებოდა. ბრალდებული ირანის მოქალაქეა და დაზარალებულთან 12 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება.
ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკების შეძენა-შენახვა მოხმარების ბრალდებით, ირანელი მამაკაცი ახლა წინასწარ პატიმრობაშია. არ არის გამორიცხული, მას ბრალი მეუღლის არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ძალადობის მუხლითაც დაუმძიმდეს. დედა ამბობს, რომ 14 წლის გოგომ გამოძიებას ჩვენება ფსიქოლოგის თანდასწრებით მისცა.
დაზარალებულის ინტერესების დამცველი "კურიერთან" ადასტურებს, რომ არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი დანაშაულის საქმეზე გამოძიება ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ადვოკატი ამბობს, რომ, მამინაცვლის მხრიდან შევიწროების გამო, მოზარდი თვითმკვლელობაზე ფიქრობდა.
ბრალდებულის ინტერესების დამცველი ამტკიცებს , რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცრუ დასმენის მსხვერპლია. დაკავებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ ირანის მოქალაქის ქართველი მეუღლე დანაშაულს ქონების გამოძალვის მიზნით იგონებს და საქმეში ამის დამადასტურებელი აუდიომტკიცებულებებიც დევს. დაკავების შემდეგ, ბრალდებულის მოთხოვნით, პოლიციამ სახლიდან ფული და ძვირფასეულობა ამოიღო, ჯამში, ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით.
ბრალდებულის ადვოკატის ამ განცხადებას სიცრუეს უწოდებს დაზარალებული, რომელიც დაკავებულის ინტერესების დამცველს გენდერული ნიშნით შეურაცხყოფაშიც ადანაშაულებს. გამოძალვა თუ ოჯახის წევრებზე ძალადობა? ამ კითხვას პასუხი ახლა სასამართლომ უნდა გასცეს.