ქალი, რომელმაც, 4 შვილის მკვლელობის ბრალდებით, ციხეში 20 წელი გაატარა, გაამართლეს
ავსტრალიაში ქალს, რომელმაც 4 შვილის მკვლელობის ბრალდებით ციხეში 20 წელი გაატარა, მსჯავრდება მოუხსნეს.
ახალი სამხრეთ უელსის უზენაესმა სასამართლომ არასანდოდ შეაფასა მტკიცებულებები, რომლებიც თავდაპირველად კეტლინ ფოლბიგისთვის პატიმრობის შეფარდებისთვის გამოიყენეს. სასამართლო პროცესი ფოკუსირებული იყო ირიბ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ფოლბიგის დღიურზე, სადაც ქალი სინანულზე საუბრობდა.
"სისტემა ამჯობინა ჩემი დადანაშაულება, ვიდრე იმის მიღება, რომ ზოგჯერ ბავშვები იღუპებიან უეცრად, მოულოდნელად და შემზარავად". - თქვა ფოლბიგმა, რომელიც სასამართლო დარბაზიდან დღეს, 14 დეკემბერს გაათავისუფლეს.
ფოლბიგი 20 წლის წინ დამნაშავედ სამ მკვლელობასა და ერთ უნებლიე მკვლელობაში ცნეს. მას 40-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ივნისში კი იგი შეიწყალეს და ციხეში 20 წლის გატარების შემდეგ გაათავისუფლეს.
საქმე ეხებოდა ფოლბიგის 4 შვილის - კალების, პატრიკის, სარას და ლორას სიკვდილს - ოთხივე მათგანი მოულოდნელად 1989-1999 წლებში, 19 დღიდან 18 თვემდე ასაკში დაიღუპა. როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორები ამბობდნენ, ქალმა შვილები დაახრჩო.
მიმდინარე წლის დასაწყისში ფოლბიგის საქმის ფარგლებში ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, მისი შვილები გენის მუტაციის გამო დაიღუპნენ.
მოსამართლის თქმით, სწორედ ეს ახალი მტკიცებულებები აღმოჩნდა ის, რამაც გამოიწვია ფოლბიგისთვის ყველა ბრალდების მოხსნა.
"მადლობელი ვარ, რომ მეცნიერებამ და გენეტიკამ მომცა პასუხი იმაზე, თუ როგორ დაიღუპნენ ჩემი შვილები". - თქვა ფოლბიგმა.
"თუმცა, ჯერ კიდევ 1999 წელს გვქონდა სამართლებრივი მტკიცებულებები ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
[პროკურორებმა] ჩემი სიტყვები კონტექსტიდან ამოიღეს და ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს... იმედი მაქვს, რომ არავის მოუწევს იმ ტანჯვის განცდა, რაც მე გამოვიარე". - დაამატა მან.
ამასთან, როგორც მისმა ადვოკატებმა აღნიშნეს, ფოლბიგი კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს.