"არაფერი ესაქმება საზეიმო ღონისძიებაზე, მით უმეტეს - სცენაზე" - კობახიძე ზურაბიშვილზე
“ქართული ოცნების" ტავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი უერთდება პრემიერ ღარიბაშვილის მიერ დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებას.
"დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, ერთ-ერთი ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში იყო სწორედ სალომე ზურაბიშვილი.
რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მით უმეტეს, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე. ეს არის ჩემი ძალიან მყარი პოზიცია. ეს არის იმ ხალხის საზეიმო ღონისძიება, რომელიც აკეთებდა ყველაფერს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და არ ახორციელებდა საბოტაჟს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ." - თქვა კობახიძემ.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხს მოუწოდა 15 დეკემბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, "რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის".