საქართველო უფრო ევროპული, უფრო დემოკრატიული და უფრო წარმატებული ხდება - ოთარ გრიგოლია
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი და თბილისის მერის ანგარიში მოისმინეს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და განაცხადა, რომ ქვეყანა წინ მიდის, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია და საქართველო უფრო ევროპული, უფრო დემოკრატიული და უფრო წარმატებული ხდება.
გრიგოლიამ მადლობა გადაუხადა თბილისელებს მოთმინებისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის მიმდინარეობისას, ასევე მან მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერს პრინციპულობისთვის.
„თავდაპირველად, მინდა მოგილოცოთ საქართველოს ასეთი წარმატება და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პარლამენტს იმისათვის, რომ ძალიან დიდი საქმე გაკეთდა, რათა ეს შედეგი დამდგარიყო.
დღეს ჩემი სიტყვა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობას ვუხდი თბილისელებს იმ გაგებისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ თბილისში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების დროს. ეს რეფორმები არ არის მარტივი და დაკავშირებულია დისკომფორტთან, თუმცა ჩვენ ყველა ვგრძნობთ იმ მხარდაჭერას, რომელიც თან ახლავს სატრანსპორტო რეფორმას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ა.შ
მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის მერს პრინციპულობისთვის, რომელსაც ის იჩენს რთული და ამავე დროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებისას. მით უმეტეს, როდესაც უსაფუძვლო კრიტიკა ისმის“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ფრაქციის თავმჯდომარემ 2024 წლის ბიუჯეტზე და სატრანსპორტო რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება.
„დღეს ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს, ქალაქმა 800 ზე მეტი ავტობუსი იყიდა და სრულად ჩავანაცვლეთ ძველი ამორტიზებული ავტოპარკი. შეიქმნა ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა და მასთან მიბმული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ჭავჭავაძის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, წერეთლის გამზირი და სხვა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქის სოციალური პასუხისმგებლობა, დღეს ქალაქი ნახევარ მილიარდ ლარს ხარჯავს მხოლოდ ამ მიმართულებით. შენდება ბაღები, მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები და მედიათეკები, ირგვება ათასობით ნარგავი და ა.შ საერთო ჯამში მხოლოდ 2024 წელს მილიარდ 800 მილიონამდე დაიხარჯება.
2024 წელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული იქნება. ბიუჯეტი რეკორდულია და ამ თანხის ძირითადი ნაწილი ქალაქის დამოუკიდებელი შემოსავლებია. თბილისი დღეს ]პრინციპულად სხვა ქალაქი, მოწესრიგებული, გამწვანებულია.
ჩვენ სატრანსპორტო რეფორმის კუთხით კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს. 18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი უკვე შემოსულია ქალაქში, დიდ ნაწილს შემდეგ წელს ველოდებით. მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება მეტროს მოდერნიზებაზე. ვფიქრობ, რომ ეს გეგმა არსებითად პასუხობს გამოწვევებს“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.